მიწათსარგებლობა

მიწათსარგებლობა, მიწის გამოყენება კანონით დადგენილი ან ისტორიულად ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად.

მ. გულისხმობს ადამიანის მიერ მიწის გამოყენებას სხვადასხვა (სოფლის მეურნეობის, საცხოვრებლის, მრეწველობის, რეკრეაციის და კონსერვაციის) მიზნით. ის მოიცავს ბუნებრივი გარემოს მართვას და შეცვლას საზ-ბის საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მიწა ასრულებს ეკოლ. და რესურსულ (რეალური ბუნებრივი ობიექტი), სოც. (ადამიანის ცხოვრების ადგილი და პირობა), სივრცობრივ-პოლიტ. (სახელმწ. ტერიტორია), ეკონ. (მეურნეობრიობის ობიექტი ადამიანებს შორის) ფუნქციებს. მიწის ქონებრივ რესურსად გამოყენებისათვის სახელმწ. ორგანოებსა და ფიზ. და იურიდ. პირებს შორის ყალიბდება სპეციფ. ურთიერთობები – საადგილმამულო ურთიერთობები. სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში, სატყეო მეურნეობაში, დასახლებული პუნქტების მშენებლობაში და ა. შ. მიწით სარგებლობა ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მ-ის ტრად. ფორმები ადგილ. თემისა და მკვიდრი მოსახლეობის მიერ მიწის გამოყენების საფუძველია. იგი გამყარებულია სახელმწიფოს სამართ. რეგულირებით, რ-იც გულისხმობს მიწის ფლობას, გამოყენებას, გადაცემის უფლებას (გასხვისება, იჯარა) და სხვ.

მ. აუცილებლად გულისხმობს მიწის რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას, რათა გაიზარდოს მისი ეფექტიანობა, უზრუნველყოს მდგრადობა და შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა. შესაბამისად, მიწის ფონდის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად, აუცილებელია ინფორმაცია მიწის ფონდის მდგომარეობის შესახებ – მიწის მონიტორინგი, რ-ის ობიექტია ქვეყნის მთელი მიწის ფონდი მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, მიზნობრივი დანიშნულებისა და გამოყენების ხასიათისა.

მ-ის მონიტორინგის ამოცანებია: მიწის მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებების გამოვლენა, ამ ცვლილებების შეფასება, მიმდინარე ნეგატიური პროცესების პროგნოზი და მათი თავიდან აცილების კომპლ. ღონისძიებებზე რეკომენდაციების შემუშავება.

მ-ის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებასთან. ნეოლითის ხანაში (ძვ. წ. VIII–IV ათასწლეულებში) მოხდა გრანდიოზული გადატრიალება კაცობრიობის ისტორიაში. ადამიანმა დაიწყო მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარება. მანამდე იგი ძირითადად მონადირე-შემგროვებლობას ეწეოდა. ინდუსტრიულ პერიოდში (1800–1900) გაიზარდა მოთხოვნა ურბანულ მიწასა და ბუნებრივ რესურსებზე. „მწვანე“ რევოლუციამ სათავე დაუდო ახ., მაღალმოსავლიანი კულტურების, ქიმ. სასუქებისა და პესტიციდების, ავტომ. სარწყავი სისტემებისა და სას.-სამ. ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებას.

თანამედროვე მსოფლიოში მ-ის თავისებურებას ქმნის ურბანიზაცია, ტექნოლოგიების სრულყოფა და მდგრადი განვითარება. იქმნება ახ. ტექნოლოგიაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა. მოსავალს ამუშავებენ ციფრული ტექნოლოგიების, დრონებისა და რობოტების, ასევე სტიმულატორების, ბიოლ. და ორგ. სასუქების გამოყენებით. ქალაქის მოსახლ. სწრაფი ზრდა ხშირად სას.-სამ. ან ბუნებრივი მიწის ხარჯზე იწვევს საცხოვრებლისა და ინდუსტრიული ზონების ზრდას, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ეკოსისტემის შენარჩუნებას, „მწვანე“ ეკონომიკის განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის გავრცელებას კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესამცირებლად. იზრდება მიწის გამოყენება განახლებადი ენერგიის მისაღებად – მზის, ქარის, ჰიდრო- და ბიოენერგიის წარმოებისთვის. მიწის გამოყენების თანამედროვე გამოწვევებია: ურბანიზაცია და ურბანული ტერიტორიების უკონტროლო გაფართოება; ტყის ფართობების დაკარგვა სას.-სამ. და სამრეწვ. საქმიანობის ზრდის გამო; მიწის დეგრადაცია, რაც გამოწვეულია მისი არასწორი მართვით, ტყეების გაჩეხვით, ურბანიზაციის გაფართოებით და სხვ. გაიზარდა მდგრადი მ-ის მნიშვნელობა, რ-მაც უნდა უზრუნველყოს დაბალანსებული ცირკულარული და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების განვითარება – ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირება და სხვ.

საქართველოში მიწა, როგორც ეკონ. რესურსი და პოლიტ. ძალაუფლების სიმბოლო, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მისი გამოყენების წესები ყალიბდებოდა სხვადასხვა ისტ. ეტაპზე და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. შესაბამისად იცვლებოდა მიწის, როგორც არსებობისათვის მთავარი საშუალების წესები და ურთიერთდამოკიდებულება ადამიანებს შორის. მიწის ქონებისა და განკარგვის უფლებაზე იყო დამოკიდებული ადამიანის ბედ-იღბალი, კარგი თუ ცუდი ცხოვრება. ვინაიდან საზ-ბის ყველა ფენა მიწის გამოყენებით იყო ურთიერთდამოკიდებული, წოდებაც მიწის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრებოდა. ყველაზე მსხვილი ფეოდალი იყო მეფე, შემდეგ დიდებული თავადი, თავადი, აზნაური, გლეხი და სხვ.

ფეოდ. ხანაში (IV–XVIII სს.) არსებობდა სამეფო (სახელმწ. საკუთრება), საეკლ. (ეკლესიის მიწები) და კერძო (ფეოდალთა საკუთრება) მიწები. გლეხი მიწას იყენებდა ფეოდალთან ვალდებულებების საფუძველზე, რაც ძირითადად ბეგარით განისაზღვრებოდა (იგულისხმებოდა როგორც ნატურალური გადასახადი, ისე შრომის ვალდებულება). XI–XIII სს-ში მიწის განაწილება დაექვემდებარა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებას. გვიანდელ ფეოდ. პერიოდში (XV–XVIII სს.) მიწის მფლობელობა თანდათან კონცენტრირდა დიდგვაროვნებისა და ეკლესიის ხელში. ამავე პერიოდში გავრცელდა ფეოდალის მიწის იჯარით გაცემის ფორმაც.

საქართველოში მ. და მისი რეგულირება ისტორიულად მრავალ სამართლებრივ წყაროშია ასახული. არსებობდა და მოქმედებდა საადგილმამულო ურთიერთობის მარეგულირებელი მრავალი საკანონმდებლო აქტი. დარგის მაღალი კულტურის არსებობაზე მეტყველებს ვახტანგ VI-ის „სამართლის წიგნი“ (1705–09), რ-შიც მოცემულია მიწის გამოყენებისა და მართვის მთელი სისტემა; დაწვრილებით არის გადმოცემული საადგილმამულო ურთიერთობები და საგლეხო გადასახადები მეფისა და დედოფლის მამულებში. საადგილმამულო ურთიერთობები და სოფლის მეურნეობა განსაზღვრავდა ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი განვითარების პროცესს. მ. იყო ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი სფერო.

რუსეთის იმპერიის ბატონობის ხანაში (XIX ს.–XX ს. დასაწყისი) საქართველოში გატარდა მიწის რეფორმები და შეიცვალა მიწის მფლობელობის სისტემა. მიწის ნაწილი გადავიდა რუსეთის ხელში და მისი მართვის პროცესი წარიმართა რუს. კანონმდებლობით. ამ პერიოდში დ. ყიფიანის თაოსნობით დაფუძნებული სახელმწ. სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი (1865), რ-საც ი. ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა, ემსახურებოდა მემამულეთა დაკრედიტებას სახელმწ. ხაზინის ხარჯზე. ეს ბანკი სპეციალიზებული იყო სოფლის მეურნეობის, მიწაზე საკუთრებისა და მემკვიდრეობის საკითხებზე. ბანკმა შესაძლებელი გახადა მიწის კოლექტიური და კერძო მართვა, რაც, საბოლოოდ, გლეხსა და დიდგვაროვანს შორის არსებულ ურთიერთობებს სამართლებრივ ჩარჩოში აქცევდა. ბანკი უზრუნველყოფდა მათთვის სესხის გაცემას, რამაც ხელი შეუწყო მიწის შეძენასა და კერძო საკუთრების განვითარებას.

XX ს. დასაწყისში (რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ) საბჭ. ხელისულებამ მიწა გამოაცხადა სახელმწ. საკუთრებად (1921). გაუქმდა კერძო საკუთრება და განხორციელდა მიწის ნაციონალიზაცია. 20–30-იან წლებში ჩამოყალიბდა კოლმეურნეობები და სოფლის მეურნეობის კოოპერატიული მოდელი. გლეხი იძულებული იყო კოლმეურნეობაში გაერთიანებულიყო, რაც ამცირებდა მის მოტივაციას და მწარმოებლურობას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991) მიწის ახ. რეფორმის შედეგად აღდგა მიწის კერძო საკუთრება. საკუთრების უფლების დაცვისა და მ-ის კონტროლის მიზნით დაიწყო მისი ერთიანი რეგისტრაცია (მიწის კადასტრი). XXI ს. პირველ მეოთხედში გაგრძელდა მიწის რეფორმები და ჩამოყალიბდა მიწის ბაზარი.

გამოყენების თვალსაზრისით საქართვ. ტერიტ. (მთლიანი ფართ. 6,97 მლნ. ჰა) იყოფა სამ ნაწილად: 1. სამიწათმოქმედო – 15,8%; 2. ბუნებრივ-სამეურნეო (ტყე, ბუჩქნარი, სათიბ-საძოვრები) – 70,6%; 3. სოფლის მეურნეობაში გამოუყენებელი მიწა – 13,6%. მემცენარეობის დარგის პროდუქციას აწარმოებს სოფლის მეურნეობების 59,4 %, მეცხოველეობისას – 15,9 %, ორივეს კი – 24,7 % (2023).

2023 მონაცემებით საქართვ. ტყის ფონდის ფართობია 3069,1 ათასი ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 44%-ს შეადგენს. ტყის ფონდის უდიდესი ნაწილი აფხაზეთის არ-შია – 423,3 ათასი ჰა, მეორე ადგილზეა შიდა ქართლი – 284,3 ათასი ჰა. მეურნეობების სარგებლობაში არსებული აკვაკულტურისათვის გამოყენებული მიწის ფართობი შეადგენს 3,5 ათას ჰა-ს, დაცული ტერიტორიების ფართ. – 913 ათას ჰა-ს (ქვეყნის ტერიტორიის 13,1%). საქართველოში მ-ის თანამედროვე გამოწვევაა გამოუყენებელი და დაუმუშავებელი მიწები, საკუთრებაში არსებული მცირე ზომის მიწის ნაკვეთები. მეურნეობების ნახევარზე მეტი (56,7%) მიწას იყენებს თითქმის მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის და ყიდის მოსავლის 10%-ზე ნაკლებს (2022).

საქართველოში მ. და მართვა ეკონ. პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხად რჩება და მიმართულია მ-ის ეფექტიანობის გაზრდის, საკუთრების უფლებების დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისაკენ.

ლიტ.: ასათიანი ი., ილია ჭავჭავაძე და თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკი, თბ., 1994; კოღუაშვილი პ., ფანჩულიძე ჯ., მიწის ადმინისტრირება და მიწათსარგებლობის მონიტორინგი, თბ., 2023; საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021–2027, თბ., 2019; ჯანაშია ს., საქართველოს ისტორია, თბ., 1943.

ჯ. ფანჩულიძე