მიწისვარსკვლავა (Astraeus hygrometricus), გუდაფშუკოვანთა ჯგუფის სოკო. სიგრძით 5–9 სმ. ნაყოფსხეული თავდაპირველად ბურთისებრია და დაფარულია ორი გარსით. მისი მომწიფებისას გარეთა გარსი სკდება 7–20 წვეტიან სამკუთხა ნაწილად, რ-ებიც მშრალ ამინდში ეხვევა შიგნითა ბურთისებრ გარსს, ნესტიან ამინდში კი გართხმულია მიწაზე ვარსკვლავისებურად. კოსმოპოლიტია. გვხვდება მშრალ ქვაქვიშიან ნიადაგებზე, თიხნარებზე, მეჩხერ ტყეებში, სტეპებსა და ნახევრად უდაბნოებში. ზაფხულში და შემოდგომით იზრდება ტყეებსა და ტყის პირებზე. საკვებად უვარგისია.