მიწისქვეშა ნაგებობები

მიწისქვეშა ნაგებობები, მშენებლობის ობიექტები, რომელთა ძირითადი ნაწილი მიწის ზედაპირის ქვეშ არის განლაგებული. მ. ნ-ს განეკუთვნება სამთომოპოვებითი მრეწველობისა (მაღაროები) და სატრანსპორტო ობიექტები (სარკინიგზო, საავტომობილო, საფეხმავლო, სანაოსნო გვირაბები, მეტროპოლიტენის სადგურები და გვირაბები), ჰიდროტექნიკური ნაგებობები და ატომური ელექტროსადგურები, მიწისქვეშა საწყობები, სხვადასხვა დანიშნულების საქალაქო მეურნეობისა და სამეცნ.-კვლ. ობიექტები (კოლაიდერები, ლაბორატორიები), თავდაცვისა და სამხ. დანიშნულების ობიექტები (ქარხნები, საზღვაო ბაზები, აეროპორტები, ჰოსპიტლები, თავშესაფრები) და სხვ.

ადამიანი უძველესი დროიდან აშენებდა მ. ნ-ს (ეგვიპტე, ბაბილონი, ასურეთი, საბერძნეთი და ძვ. რომი). XVIII–XIX სს-ში მიღწეულმა სამეცნ. და სამრეწვ.-ტექ. პროგრესმა მკვეთრად გაზარდა მ. ნ-ის მშენებლობის მოთხოვნა – სწრაფად განვითარდა მისი ტექ. საშუალებები. ეს პროცესი ჩვენს დროშიც ინტენსიურად ვითარდება. XX ს-ში შესაძლებელი გახდა ისეთი მასშტაბური მ. ნ-ის აშენება, როგორიცაა ლა-მანშის სარკინიგზო ორლიანდაგიანი გვირაბი, რ-იც აკავშირებს საფრანგეთსა და ბრიტანეთს (საერთო სიგრძეა 51 კმ, მ. შ. 39 კმ ლა-მანშის სრუტის ქვეშ გადის; გაიხსნა 1994). 2008 ამოქმედდა CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერი და მისთვის 175 სიღრმეზე აშენდა უნიკალური მ. ნ. – რგოლის ფორმის 27 კმ სიგრძის გვირაბი, რ-იც შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვართანაა განლაგებული. ამჟამად მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მიწისქვეშა სივრცეები განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი და მიმდინარეობს მათი ინტენსიური მშენებლობა. გაჩნდა ახალი ტერმინიც – „მიწისქვეშა ურბანიზაცია“.

საქართველოში ტექ. ისტორიისა და არქეოლ. მნიშვნელოვან ძეგლებს წარმოადგენს არსებული მ. ნ.-ანტ. ხანისა და შუა საუკუნეების რკინის მაღაროები ბოლნისისა და დმანისის მუნიციპ-ებში; უფლისციხის, დავითგარეჯის, ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქები; საყოფაცხოვრებო, საკულტო და თავდაცვის დანიშნულების უნიკალური მიწისქვეშა სამალავების (დარანი) სისტემა სამცხე-ჯავახეთში. ამ სახის ინტენსიური და მასშტაბური მშენებლობა საქართველოში მიმდინარეობდა XX ს-შიც – აიგო მრავალი სარკინიგზო და საავტ. გვირაბი, მაღარო და სხვ. (იხ. თბილისის მეტროპოლიტენი). საქართველოსთვის დამახასიათებელი მთაგორიანი რელიეფის, სეისმურობისა და სხვა სპეციფ. პირობების გათვალისწინებით მიწისქვეშა სივრცეები (არაერთი უპირატესობის გამო) განსაკუთრებით გამოსადეგია შემდეგი ტიპის მ. ნ-სათვის: სატრანსპორტო და კომუნალური დანიშნულების ობიექტები (მეტრო, გვირაბები, ავტოსადგომები, სავაჭრო, ადმინ. და სხვ.); საბაზო საწყობები, მაცივრები, სასმელი და ტექ. წყლის რეზერვუარები; კოლექტორები, ნავთობ- და გაზსაცავები; ჰიდროენერგეტ. და ატომური ელექტროსადგურები; წარმოების საშიში და მომწამლავი ნარჩენების სამარხი მოცულობები; თავდაცვის ობიექტები და სხვ.

ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს მ. ნ-ის, განსაკუთრებით კი საავტ. გვირაბების მშენებლობა. 2024 გაიხსნა რიკოთის მთ. გვირაბი (სიგრძე 1800). სულ რიკოთის უღელტეხილზე გამავალ ახალ გზაზე აშენდა 51 გვირაბი.

ლ. ჯაფარიძე