მიწიშვილი ნიკოლო (ნამდვ. გვარი – სირბილაძე ნიკოლოზ იოსების ძე) (3. XI. 1896, სოფ. ჯვარისა, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 13. VII. 1937), მწერალი. ქუთ. რეალური სასწავლებლისა და ორწლიანი პედ. კურსების დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ტობანიერსა და საჩინოში. პირველი ლექსები 1912 ჟურნ. „თეატრსა და ცხოვრებაში“ დაბეჭდა. იყო ქუთაისში გაზ. „გოლოს სოლდატას“ (1917), თბილისში რუს. გაზ. „ფიგაროს“ (1920–22) და სხვათა რედაქტორი. 1922–25 საფრანგეთში ცხოვრობდა. აქტიურად მონაწილეობდა საბჭ. ორიენტაციის გაზ. „ახალი საქართველოს“ დაარსებაში. კომუნისტური პროპაგანდისათვის ერთხანს დაპატიმრებული იყო. 1925 სამშობლოში დაბრუნდა, იყო ჟურნ. „ქართულ მწერლობის“ (1926–28) და გამომც. „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორი, ლიტფონდის დირექტორი. XX ს. 10-იანი წლების ლექსებსა და მინიატიურებში, კრებ. „შავი ვარსკვლავი“ (1922) წარმოჩნდა პოეტის იმპრესიონისტული განწყობილება. მ. დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“. სევდისა და უიმედობის სულისკვეთება, სიმარტოვის განცდა შეინიშნებოდა უცხოეთში შექმნილ ლექსებშიც.
მ-ის პროზაულ თხზულებათაგან უმნიშვნელოვანესია ვრცელი დოკუმენტური მოთხრობა „ეპოპეა“ (1929), რ-შიც ჩანს ქართ. ემიგრაციის მწარე ხვედრი 20-იან წლებში. მოთხრობაში „თებერვალი“ (1928) მკაცრად გააკრიტიკა ქართ. მენშევიზმი. მ-ს ეკუთვნის ნოველების კრებ. „ერთი ღამის ამბავი“ (1931), პუბლიც. წერილების კრებული (1927), ტ. შევჩენკოს, ვ. მაიაკოვსკის, მ. რილსკის თხზულებათა თარგმანები.
მ. ემსხვერპლა 30-იანი წლების საბჭ. რეპრესიებს.
ლიტ.: რჩეული, თბ., 1958; რჩეული, თბ., 1971; ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან. ახალგაზრდობა, თბ., 2006; პუბლიცისტიკა, შეადგინა და კომენტარი დაურთო ილამაზ მიწიშვილმა, თბ., 2011; უდაბნოს საიდუმლო, არაბული ლეგენდა, თბ., 2020.
ლ. ავალიანი