მიწოდების ხელშეკრულება

მიწოდების ხელშეკრულება, გრძელვადიანი სავაჭრო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება პროდუქტის მიწოდებისა და სანაცვლო ანგარიშსწორების შესახებ, საქ. სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964) გათვალისწინებული ინ-ტი. კოდექსის 254-ე მუხლის მიხედვით, მ. ხ-ით მიმწოდებელი ორგანიზაცია გარკვეულ ვადაში გადასცემდა მყიდველ ორგანიზაციას (შემკვეთს) საკუთრებად ან ოპერატიულ მმართველობაში განსაზღვრულ პროდუქციას განაწილების საგეგმო აქტის თანახმად, რ-იც სავალდებულო იყო ორივე ორგანიზაციისათვის. მყიდველი ორგანიზაცია იღებდა პროდუქციას განაწილების საგეგმო აქტის მიხედვით და ვალდებული იყო მიღებულ პროდუქციაში გადაეხადა დადგენილი ფასი.

მ. ხ-ში ორგანიზაციებს შორის მათი შეხედულებისამებრ დადებული შეთანხმებით მიმწოდებელი ვალდებულებას იღებდა გადაეცა მყიდველისთვის საგეგმო წესით გაუნაწილებელი პროდუქცია იმ ვადაში, რ-იც არ ემთხვევოდა ხელშეკრულების დადების მომენტს. პროდუქცია ხელშეკრულების დაუდებლად მიეწოდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, რ-ებიც დადგენილი იყო სსრკ ან საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ.

დღეისათვის მწარმოებელ და საცალო მოვაჭრეს, საბითუმო და საცალო მოვაჭრეს ან მსგავს ორგანიზიციებს შორის გრძელვადიანი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ზეპირად ან წერილობით შეიძლება გაფორმდეს მ. ხ., რ-ის ძირითადი პირობებიც ეფუძნება საქართვ. სამოქალაქო კოდექსის (1997) 477-ე მუხლის დებულებებს ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ. ამ მუხლის მიხედვით. გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

ვალდებულებით-სამართლებრივი ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა, რ-ის მხარეები არიან გამყიდველი და მყიდველი. ისინი შეიძლება იყვნენ ფიზ. და იურიდ. პირები, ასევე – სახელმწიფო. გამყიდველის ვალდებულებაა ქონებისა და საჭირო საბუთების გადაცემა, მყიდველისა – შეთანხმებული ფასის გადახდა. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით აუცილებელია პროდუქტის რეალურად გადაცემა, ხოლო უძრავ ნივთებთან მიმართებით, ვალდებულებითსამართლებრივ ხელ-შეკრულებასთან ერთად აუცილებელია სანივთო გარიგების დადება – შეთანხმება უშუალოდ საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებით. მხარეებმა მ. ხ-ში, ნასყიდობის ხელშეკრულების დებულებების გარდა, შეიძლება გაითვალისწინონ სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები.

საერთაშ. სავაჭრო ურთიერთობებში მ. ხ-სთან დაკავშირებით გამოიყენება საქონლის საერთაშ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ გაეროს კონვენცია (1980). კონვენციის 1-ელი მუხლი გამოიყენება საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების მიმართ იმ მხარეებს შორის, რ-თა კომერციული საწარმოებიც სხვადასხვა სახელმწიფოში მდებარეობს.

მ. ხ. თანამედროვე სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში სოციალ. წყობის სამართლიდან შემორჩენილი ტერმინია.

ი. უჯმაჯურიძე