მიხაელი (მიხელაშვილი) ეფრაიმ იაკობის ძე (დ. 21. VI. 1955. სოფ. კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი), პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ექსპერტი და მიმომხილველი, ისრაელის არმიის რეზერვისტების პოლკოვნიკი. 1971 ჩაირიცხა სპი-ში. 1972-იდან ცხოვრობს ისრაელში. 1976 გაიწვიეს სამწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1981 მიიღო ოფიცრის წოდება. 1982 მონაწილეობა მიიღო ისრაელ-ლიბანის ომში. 1983 ჯარიდან სასწავლებლად გაგზავნეს ხაიფის ტექნოლ. ინ-ტში, სადაც დაამთავრა კომპიუტერული ინჟინერიისა და ენერგეტიკის ფაკ-ტი. 1986 დაინიშნა სახმელეთო ჯარების კავშირგაბმულობისა და კონტროლის ტექნოლ. განყ-ბის უფროსად (1988-იდან – მაიორი), 1990 კი – კავშირგაბმულობისა და კონტროლის მწარმოებელი ბაზის შტაბის უფროსად. 1993 მიიღო ვიცე-პოლკოვნიკის წოდება (1999-იდან – პოლკოვნიკი). იყო ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და სამხედრო ატაშე რუსეთის ფედერაციაში. 2011–14 ხელმძღვანელობდა ისრაელის პორტების სისტემის პირველ დირექტორატს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ქმედითი მონაწილეობა მიიღო ისრაელის ორი ახალი პორტის – ხაიფას და აშდოდის მშენებლობაში. 2015–17 იყო ისრაელის ნავთობისა და გაზის კომიტეტის, ხოლო 2017–21 – „მეტეორ გრუპის“ (მოწინავე იარაღის კომპანია) დირექტორთა საბჭოს წევრი. 2003-იდან მოღვაწეობს პოლიტ. და სამხ. ექსპერტის რანგში.