მიხეილ თედორეს ძე რომანოვი [12 (22). VII. 1596, მოსკოვი, – 13 (23). VIII. 1645, იქვე], რუსეთის პირველი მეფე რომანოვების დინასტიიდან, ბოიარ თედორე ნიკიტას ძე რომანოვის შვილი. 1613 წ. 21 თებერვალს ბოიართა ინიციატივით იგი რუს. საერობო კრებამ მეფედ აირჩია. ამ დროს რუსეთის სახელმწიფოს 1619-მდე ფაქტობრივად მართავდა დედამისი, მონაზონი მართა (1619–33), შემდეგ – პატრიარქი ფილარეტი. მ. თ. ძ-ის მეფობის პერიოდში გაცხოველდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, რაც თეიმურაზ I-ის ინიციატივით მოხდა. 1639 ამ ურთიერთობას, რ-შიც, კახეთის გარდა, ჩაერთო იმერეთი, გურია და სამეგრელო, მოჰყვა მფარველობითი ხელშეკრულების დადება რუსეთსა და კახეთის სამეფოს შორის (იხ. ელჩინისა და ზახარიევის ელჩობა სამეგრელოში 1639–40, ვოლკონსკის ელჩობა კახეთში 1637–40). მ. თ. ძ. ირანში რუს ელჩებთან გაგზავნილ „დარიგებებში“ (წერილში) საქართველოს თავის ხელდებულ ქვეყნად აცხადებდა.
წყარო: ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, 1650–1652 წწ., იასე ცინცაძის გამოც. უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ, წგ. 24, თბ., 1970.
ლიტ.: მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (XVII ს. პირველი ნახევარი – თეიმურაზ I-ის ეპოქა), თბ., 2011; Накашидзе Н. Т., Грузино-русские политические отнощения в первой половине XVII века, Тб., 1968; Полиевктов М. А., Материалы по истории грузино-русских взаимоотношений, 1615–1640, Тб., 1937.
ნ. ნაკაშიძე