მიხეილის საავადმყოფო (ახლანდ. წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახ. მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო), სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება. XIX ს. დასაწყისში თბილისში ფუნქციონირებდა მხოლოდ სამხედრო ჰოსპიტალი, რ-ითაც სამოქალაქო პირებიც სარგებლობდნენ. 1820 წ. 30 აგვისტოს საზოგადოებრივი მზრუნველობის უწყებამ თბილისში, ახლანდ. ერეკლეს მოედნის მახლობლად, კერძო პირისგან შეისყიდა სახლი და გახსნა 12-საწოლიანი საავადმყოფო, რ-იც დააპროექტა ი. პრიბილმა (მედ. დოქტორი, ეროვნებით ჩეხი). შემდეგ საავადმყოფო გაფართოვდა 35 საწოლამდე. 1829 იგი გადაიტანეს ავლაბარში, ყოფ. ყაზარმისა და აბრეშუმსახვევი ფ-კის შენობაში (1842 გაფართოვდა 50 საწოლამდე), 1848 კი – ქალაქის ცენტრში, ველიამინოვის ქუჩაზე (ახლანდ. შ. დადიანის ქუჩა), საიდანაც 1858, ინფექციურ დაავადებათა გავრცელების შიშით, კვლავ ქალაქის განაპირას (ვერაზე) განათავსეს. თბილ. მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებით 1864–65 ხელისუფლებამ გამოყო სპეც. კომისია საპატიო ლაიბმედიკოსის, ა. ლიბაუს თავმჯდომარეობით, რ-საც დაევალა ქალაქში ახალი ტიპური საავადმყოფოს მშენებლობის ორგანიზაცია (პროექტის ავტორი – ა. ზალცმანი). მშენებლობა დაიწყო მიხეილის ქუჩაზე (ახლანდ. დავით აღმაშენებლის პროსპექტი). მიიჩნევა, რომ ზალცმანის აშენებულია კომლექსის ის მთ. ნაგებობა, რ-იც აღმაშენებლის გამზირსა და დ. უზნაძის ქუჩას შორისაა მოქცეული. მისი გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოს მშენებლობას სათავეში ჩაუდგა გერმ. არქიტ. ლ. ბილფელდი, რ-მაც მთლიანად შეცვალა ტერიტ-ის დაგეგმარება და რამდენიმე შენობას რეკონსტრუქციაც ჩაუტარა. საავადმყოფო გაიხსნა 1868 წ. 8 ნოემბერს.
მ. ს-ს სტრუქტურაში შედიოდა შინაგანი, ქირურგ., სულით ავადმყოფთა და სამშობიარო-გინეკოლოგიური განყ-ბები. ა. ლიბაუმ საავადმყოფოს გადასცა საკუთარი ბ-კა და 10 000 მან. აღნიშნული თანხით 3 წელიწადში ერთხელ საავადმყოფოს ერთ-ერთი ორდინატორი სამეცნ. მივლინებით იგზავნებოდა საზღვარგარეთ.
1899 ბარბარე მუხრანბატონმა მიუნხენში 1234 მანეთად საავადმყოფოსათვის შეიძინა რენტგენის აპარატი. დღეს შენობას კულტ. მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
თავდაპირველად საავადმყოფოს ეწოდა ქ. თბილისის საქალაქო საავადმყოფო, 1881 წ. 14 ოქტომბრიდან – მიხეილის საავადმყოფო (რუს. იმპ. ალექსანდრე II-ის ძმის, დიდი მთავრის – მიხეილ ნიკოლოზის ძის პატივსაცემად), 1921–25 – საქ. სსრ ,,ჯანსახკომის“ საავადმყოფო, 1925–41– რესპ. ცენტრ. კლინ. ინ-ტი, 1941 – რესპ. ცენტრ. კლინ. საავადმყოფო. 1954 მიენიჭა ნ. ყიფშიძის სახელი. 1974 კლინიკა გადავიდა ახალ შენობაში – ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დავით აღმაშენებელზე მდებარე საავადმყოფო კი გადაკეთდა მე-5 სასწრაფო და გადაუდებელი სამედ. დახმარებისა და კატასტროფის მედიცინის ცენტრად, შემდეგ – თსუ-ის კლინ. საავადმყოფოდ. 2012-იდან ნაწილი გადავიდა ლუბლიანას ქუჩაზე და ეწოდა წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახ. მრავალპროფილური კლინ. საავადმყოფო, ძველ მისამართზე დარჩენილი შენობა კი გაიყიდა.
მ. ს-ში სხვადასხვა დროს მსახურობდნენ: ი. პრიბილი, ს. დიაკოვი, გ. ლელიაკოვი, ს. შარიმანაშვილი, ა. პავლოვსკი, ს. მრევლიშვილი, ს. ვაწაძე, ი. ელიაშვილი, გ. ტარსაიძე და სხვ.