ეკლესია (ბერძნ. ekklēsia – შესაკრებელი). 1. ძველ საბერძნეთში სახალხო კრების გავრცელებული სახელწოდება. 2. რელიგ. ორგანიზაცია, სარწმუნოებისა და კულტის ერთიანობაზე დამყარებული ამა თუ იმ რელიგიის მიმდევართა გაერთიანება, რ-ის ძირითადი ნიშნებია: მეტ-ნაკლებად დამუშავებული დოგმატიკა და საკულტო სისტემა, იერარქიული წყობა და მმართველობის ცენტრალიზაცია; მორწმუნეთა დაყოფა სასულირო პირებად, რ-ებიც განსაკუთრებულ მსახურებას აღასრულებენ (სამღვდელოება), და ერისკაცებად. 3. ქრისტიანული რელიგიის საკულტო ნაგებობა ღვთისმსახურებისათვის. დროთა განმავლობაში შეიქმნა გეგმის, შიდა სივრცისა და გარეგნული სახის მხრივ განსხვავებული, ადგილ. სამშენებლო ტრადიციებთან შეხამებული სხვადასხვა ტიპის საეკლ. ნაგებობანი. ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, ძველ ქრისტიანულ ხანაში, გავრცელებული იყო საეკლესიო ნაგებობათა ორი უმთავრესი სახეობა: წაგრძელებული უგუმბათო შენობა, ე. წ. ბაზილიკა, და ცენტრული – მრგვალი, მრავალწახნაგა, ჯვრისებრი შენობა, რ-იც ყოველთვის გუმბათით არ იხურებოდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს ორი სახეობა შენობათა ორ განსხვავებულ ფუნქციას შეესაბამებოდა: ცენტრული შენობები – მარტირიუმები, წმინდანის საფლავთან დაკავშირებული მემორიალური სამლოცველოები იყო, ხოლო ბაზილიკები – ჩვეულებრივი ე-ები, სადაც ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღესრულებოდა. საქართველოში გავრცელებულია ქრისტ. საკულტო არქიტექტურის ორი სახეობა – წაგრძელებული უგუმბათო შენობები და ცენტრული შენობები, თუმცა მათ შორის ფუნქციური სხვაობა არ არსებობს, ე. ი. გეგმის ცენტრულობა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ე. წმინდანის ნაწილებთანაა დაკავშირებული. საქართველოსთვის უცხო იყო ისეთი მრგვალი ან მრავალწახნაგა ე-ები, რ-ებიც დასავლეთისა და წინა აღმოსავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ მემკვიდრეობით მიიღო წინაქრისტიანული რომაული არქიტექტურისგან. ქართ. ცენტრული ტაძრების (მცირე გამონაკლისის გარდა) ძირითადი ნაწილი კვადრატულია, რ-ზედაც აღმართულია გუმბათი და გარშემო კი ვითარდება ჯვარისებრი გეგმა (სხვა ტიპები გამონაკლისია ან გარდამავალ საფეხურს შეადგენს). საქართველოში შემუშავდა ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, რ-საც ქართველმა მეცნიერებმა სამეკლესიიანი ბაზილიკა უწოდეს – აქ ერთ შენობაში გაერთიანებულია სამი დამოუკიდებელი სამლოცველო. მისი წარმოშობის მიზეზი, როგორც ჩანს, დღის განმავლობაში რამდენიმე წირვის გადახდის სურვილი იყო, ყოველი წირვისათვის კი ცალკე საკურთხეველი იყო საჭირო. სამნავიანი და სამეკლესიიანი ბაზილიკების გვერდით საქართველოში იმთავითვე გავრცელდა უგუმბათო ნაგებობათა კიდევ ერთი, უმარტივესი სახეობა – ერთნავიანი ანუ დარბაზული ე. ხუროთმოძღვრების საფუძვლად დადებული ძირითადი იდეით და უმთავრესი შემადგენელი ნაწილების განლაგების მხრივაც, ქართ. ე. მთლიანად და სავსებით იზიარებს მთელ ქრისტ. სამყაროში მიღებულ ნორმებს, ფუნქციური თვალსაზრისით იგი სხვა ქრისტ. (უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებელი) ქვეყნების ე-ებს ემთხვევა და შედგება აღმოსავლეთისკენ მიმართული აფსიდიანი (მცირე შემთხვევაში უაფსიდო) საკურთხევლისა (მის ორსავე მხარეს განლაგებულია სამკვეთლო და სადიაკვნე, გარდა უძველესი ე-ებისა, სადაც ეს სათავსები ჯერ კიდევ არ იყო) და მლოცველთა დარბაზისაგან – ესაა ყოველი ქართული ე-ის ძირითადი შემადგენელი ნაწილები. ქართული ე-ები იმთავითვე ატრიუმების გარეშე შენდებოდა, მათ არ გააჩნდათ არც ნართექსები დასავლეთის მხარეს (გამონაკლისი იშვიათია), არც ცალკე აშენებული სანათლავები, ხოლო სამრეკლოები შედარებით გვიან გაჩნდა – შემორჩენილთაგან უძველესია გუდარეხის მონასტრის სამრეკლო, რ-იც წარწერის თანახმად აშენებულია 1278.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974.