მიჰრან-გუშნასპი, საგვარეულო სასანიანთა ხანის ირანში. მიეკუთვნებოდა ირანის იმ ცნობილ შვიდ საგვარეულოს, რ-ებიც თავს პართიის სამეფო დინასტიის – არშაკიდთა შთამომავლებად თვლიდნენ. მათი სამშობლო და რეზიდენცია იყო რეი (ატ-ტაბარი, IX–X სს). ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ადრიდანვე ირანის აღმ. ნაწილში – ხორასანში იყვნენ სამხ. მოხელეები. მათ ირანში აღმ-იდან შემოჭრილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდათ. მ-გ-ებმა ჯერ კიდევ ხოსრო I-ის მიერ გატარებულ რეფორმებამდე ირანის ჩრდ. ნაწილში (შემდეგში კავკასიის ქუსტაკი) შემავალ ქვეყნებში დიდი სამხ.-ადმ. სახელოების მემკვიდრეობით ფლობის უფლება მოიპოვეს. 369 თბილისიდან ირანელი პიტიახშის – ქრამ ხუარ ბორზარდის „წასვლის“ შემდეგ სასანიანებმა შექმნეს ქართლ-ალბანეთის სამარზპანო, რ-თა მარზპანებიც მ.-გ-თა საგვარეულოს ეკუთვნოდნენ. მათი ძირითადი მოვალეობა ჩრდ. მომთაბარეებისათვის სამხრ. კავკასიაში გადმომავალი დერბენდისა და დარიალის ზეკარების ჩაკეტვა იყო. მათ ირანულ გარნიზონებთან ერთად ალბანეთისა და ქართლის სამეფოების სამხედრო ძალებიც ემორჩილებოდა.
ქართლ-ალბანეთის მარზპანები იყვნენ: სამეფო ხელისუფლების არსებობისას – ბარზაბორდი (V ს. 20–30 წლები), მისი ძე ვარაზ-ბაკური (V ს. 40-იანი წლები – 456), ფირან (გრიგორი) გუშნასპი (518 წინა ხანიდან – 535/536); უმეფობის ხანისა – არვანდ გუშნასპი (მიჰრანი-მერმეროე, ფირან გუშნასპის ძმა; 535/536 – 545), ვეჟან ბუზმირი (545), არვანდ გუშნასპი (546; 554 – მეორედ), დენშაპუჰ ნახორაგანი (554–555). ქართლში ერისმთავართა მმართველობისას ქართლ-ალბანეთის უკანასკნელი მარზპანი სემა გუშნასპი უნდა ყოფილიყო. იგი 628 შემოდგომაზე თურქი მოალყეებისაგან თბილისს ქართველებთან ერთად იცავდა, კალას ციხის აღების შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.
ლიტ.: გოილაძე ვ., ამიერკავკასიაში სასანიანთა მმართველობის ასახვა ქართულ საისტორიო ტრადიციაში, «მაცნე. ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია», 1982, №4; მისივე, მარზპანთა ინსტიტუტი. უმეფობის ხანის (537–555 წწ.) ქართლ-ალბანეთის მარზპანები. ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, VII, თბ., 2022.
ვ. გოილაძე