მერცხალა (glareola), ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. აერთიანებს 7 სახეობას. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში; ბინადრობენ მშრალ ღია ლანდშაფტებში. მათი სხეულის სიგრძეა 15–28 სმ, მასა – 37–105 გ. აქვთ მოკლე ფეხები და ნისკარტი, დიდი ზომის პირი, რ-იც თვალებამდე აღწევს; თავი მსხვილია, თვალები – დიდი, კისერი – მოკლე, ფრთები – გრძელი და წამახვილებული, ბოლო – ორკაპა. შეფერილობა ძირითადად ერთფეროვანია – თიხისფერი, მუცელი – უფრო ღია, კუდის ზედა და ქვედა ნაწილები – თეთრი, ნისკარტის დასაწყისთან, ყელსა და კისერზე კაშკაშა ნახატები აქვთ. მდელოს მ. (G. pratincola) და ველის მ. (G. nordmanni) მიმოფრენისას გვხვდება საქართველოში. მდელოს მ. ბუდობს აღმ. საქართველოში. იკვებებიან მწერებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ. ნადავლს ჰაერშიც იჭერენ და მიწაზეც მოიპოვებენ.
ბუდობენ წყალსატევებთან ახლოს სწორ მონაკვეთებზე, კოლონიებად (100 ბუდემდე) ან წყვილებად. უპირატესობას ანიჭებენ თაყირებს, ბიცობებს, ქვიშის ცელებსა და კუნძულებს. დედალი დებს 2–4 კვერცხს. კრუხობასა და ბარტყების გამოზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს.
რ. ჟორდანია
ა. ბუხნიკაშვილი