მესხეთი, ისტორიული სამხრეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდება. ხშირად მას სამხრ.-დას. საქართველოს უწოდებენ. იგივეა, რაც ზემო ქართლი, სამცხე-საათაბაგო. ზემო ქართლი და მ. ისტ.-ეთნ. შინაარსის მატარებელი სახელწოდებები იყო, სამცხე-საათაბაგო კი – ისტ.-ადმინ.-პოლიტიკურის. ზემო ქართლი, ანუ მ., ვახუშტის მითითებით, ტაშისკარიდან იწყებოდა და შავ ზღვამდე აღწევდა. მ-ის გეოგრ. ერთეულზე ანალოგიური წარმოდგენა ჰქონდათ ძველ ბერძნებსაც, კერძოდ, სტრაბონი (ძვ. წ. 64/60–ახ. წ. 23/24) მას „მოსხიკეს“ უწოდებდა, რ-იც მოიცავდა მტკვრის ზემო წელსა და ჭოროხის აუზს. სამხრ-ით მ-ის („მოსხიკეს“) საზღვარი მოსხური მთები იყო. ფარნავაზ მეფის დროსაც ქართლის სახელმწიფოს სამხრ. საზღვარი მტკვარ-არაქსის, ხოლო უკიდურეს სამხრ.-დას-ით – ჭოროხ-ევფრატის წყალგამყოფზე გადიოდა. „ზემო ქართლი, ანუ მესხეთი სამცხე-ჯავახეთითგან მოყოლებული ტაო-ისპირამდე ერთს საგამგეო ერთეულს, საერისთავთ-საერისთავოს და სამთავროს შეადგენდა. XIII ს. მეორე ნახევარში მესხეთის მთავრის განსაგებელი იწყებოდა ბორჯომის ხეობითგან, ტაშისკარითგან და კარნუქალაქამდე აღწევდა“ (ივ. ჯავახიშვილი).
მ. ქართველთა განსახლების უძველესი არეალია. აქ ცხოვრობდნენ ქართველები, რ-ებსაც მესხებს უწოდებდნენ. დიდი ტერიტ. ერთეულის – მ-ის სახელწოდება სწორედ „მესხიდან“ არის მიღებული. ჟამთააღმწერელი მ-ის მოსახლეობას „ყოველთა მესხთა“ უწოდებდა.
სამხრ. საქართველო (მ. ანუ ზემო ქართლი) სხვადასხვა ისტ.-ეთნოგრ. მხარეებისაგან შედგებოდა – მტკვრის ზემო ნაწილში მდებარეობდა თორი, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი და კოლა; ჭოროხის აუზში – აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო და სპერი. მ-ის ჭოროხის აუზის დახასიათებისას ვახუშტი ხაზს უსვამს „მთისა და ბარის ახლორებას“. ჭოროხის აუზში არ არსებობდა ბარის მძლავრი და ფართო ზონა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მ-ის შემადგენლობაში მყოფი მტკვრის ზემო წელისათვის. ეს კი ამ ორი გეოგრ. ერთეულის ერთმანეთთან ურთიერთკავშირის წინაპირობა იყო.
მ., როგორც საქართვ. სასაზღვრო მხარე, სხვადასხვა დამპყრობლის თავდასხმის ობიექტი იყო. მის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ მეზობლებიც, ამიტომაც ძვ. წ. II–I სს-ში მისი განაპირა მხარეები – ტაო, კოლა და სპერი – სომხეთს ჰქონდა დაკავებული. ერთიანი საქართველოს წარმოქმნამდე ჭოროხის ხეობაში მდებარე შავშეთი, კლარჯეთი და აჭარა კოლხეთის (ეგრისის) საკუთრებას წარმოადგენდა, არტაანი, ჯავახეთი და სამცხე კი – იბერიის (ქართლის) შემადგენელი ნაწილი იყო. საქართვ. ერთიანი სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე მ. მისი შემადგენელი ნაწილი გახდა. მ-ის ისტ.-ეთნოგრ. მხარეების გამგებლები იყვნენ ახალქალქის (ჯავახეთის), კალმახის, თუხარისის, ყველის, კლარჯეთის (არტანუჯის), სამცხის, შავშეთისა და ტაოს ერისთავები.
IX–X სს-ში მ-ის ტერიტ-ზე წარმოიქმნა ბაგრატიონთა სამეფო (ცენტრი – კლარჯეთში მდებარე არტანუჯი).
XIII ს-იდან მ. ჯაყელთა (იხ. სტ. ჯაყელები) სამფლობელო იყო (ცენტრი – ახალციხე). XIII ს. 60-იანი წლებიდან აქ სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად განვითარდა. დანარჩენ საქართველოში მონღოლთა ბატონობისაგან შეწუხებული გლეხები სამცხე-საათაბაგოში გარბოდნენ და იქ მკვიდრდებოდნენ.
საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ (1490) სამცხე-საათაბაგოც დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა. იგი ტერიტორიითა და მოსახლეობით ქვეყნის 1/3-ს შეადგენდა. XVI ს-ში მ. (სამცხე-საათაბაგო) ოსმალებმა მიიტაცეს. 1579 მათ მ-ის ტერიტ-ზე ცალკე ადმ. ერთეული – ჩილდირის ვილაიეთი, იგივე ახალციხის (ჩილდირის) საფაშო შექმნეს. ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში თანდათან დაიწყო მ-ის ისლამიზაცია. თავდაპირველად ზედა ფენამ მიიღო ისლამი, შემდეგ კი – გლეხობამ. ქართველთა გამუსლიმება ძირითადად XVIII ს. II ნახ-ში დასრულდა. ეს პროცესი დააჩქარა იმანაც, რომ ქრისტიანებს მუსლიმებთან შედარებით დიდი გადასახადი ჰქონდათ შეწერილი.
ისტ. მ-ში ოსმალები თავიანთ სალოცავ სახლებს იშვიათად აგებდნენ – ისინი ქართ. ეკლესიებს, ტაძრებსა და მონასტრებს მეჩეთებად და ჯამებად აკეთებდნენ. ახალციხის საფაშო ოსმალებმა ტყვეთა სყიდვის პუნქტად აქციეს. მათ აქ თავშესაფარი მისცეს ლეკ მოთარეშეებს, რ-ებიც ადგილობრივ ქართველებს მონათა ბაზრებზე ყიდდნენ. სათარეშოდ გადმოსულ ლეკებს ქართლის მოსახლეობა ახალციხის ბაზარში გაჰყავდათ, საიდანაც ისინი არზრუმის, თავრიზის, ტრაპიზონისა და სტამბოლის ბაზრებზე ხვდებოდნენ.
მ. ისტორიულად მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული. ამას ქართულ წყაროებსა და დოკუმენტებთან ერთად ოსმალური საბუთებიც ადასტურებს. 1595 შედგენილ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ კომლების უფროსები პიროვნული სახელით და მამის სახელით არიან შეყვანილნი. მოსახლეობის უმრავლესობა ქართ. და ქართ.-ქრისტ. სახელებს ატარებდა. მცირე რაოდენობით სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებში ბინადრობდნენ სომხები და „თათრები“. თავის დროზე ხერთვისიდან და აბასთუმნიდან გადმოსული ყველაზე მეტი ქართვ. ებრაელი კი ახალციხეში მკვიდრობდა. ქართველების მტრების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია „დავთარში“ არცთუ მცირე რაოდენობით ფიქსირებული ნასოფლარებიც.
მ-ში მრავლადაა გეოგრ. გარემოსთან შეხამებული, კონსტრუქციითა და სამშენებლო ხელოვნებით გამორჩეული ციხესიმაგრეები და კოშკები, რ-თა სიმრავლე მისმა განაპირა მდებარეობამ განაპირობა. ასეთ ციხესიმაგრეებში მშვიდობიანობის დროს, ჩვეულებრივ, ცხოვრება დუღდა, ომიანობის დროს კი ეს კომპლექსები თავდაცვის ერთ-ერთ საიმედო საყრდენს წარმოადგენდა. ოსმალური აღწერა აგრეთვე მიუთითებდა, რომ მესხებს ისეთივე სამეურნეო ყოფა და ტრადიციები ჰქონდათ, როგორც დანარჩენ ქართველებს; ეს იყო მესაქონლობასთან შეწყობილი მიწათმოქმედება, ამ მხრივ ისტ.-ეთნოგრ. მხარეებს გარკვეული თავისებურებანი გააჩნდა, რასაც განსხვავებული ბუნებრივ-გეოგრ. ფაქტორები (ლანდშაფტი, კლიმატი) განაპირობებდა. ამის შედეგი კი იყო მ-ის ისტ.-ეთნოგრ. მხარეებს შორის არსებული სამეურნეო-ეკონ. კავშირები, (იმერხევის მოსახლეობას ცხვარი არ ჰყავდა, ტანსაცმლის მოსაქსოვად კი მატყლი სჭირდებოდათ. მამაკაცების დიდი ნაწილი ზაფხულში სათიბად კოლასა და არტაანში დადიოდა, თან ხილი მიჰქონდათ გასაყიდად, შრომის საფასურად კი ადგილ. მოსახლეობისაგან მატყლს იღებდნენ). ასეთი კავშირები მ-ის მხარეებს დანარჩენ საქართველოსთანაც გააჩნდა. ქართლისა და კახეთის მოსახლეობას ცხვარი ჯავახეთის საძოვრებზე დაჰყავდა და ეს ფაქტი IV ს. დასაწყისში წმ. ნინოს შემოსვლის დროსაა დადასტურებული. მოუსავლიანობის დროს კი აღმ. საქართვ. მოსახლეობას მარცვლეული ჯავახეთიდან გადმოჰქონდა.
1770 ერეკლე II-მ სცადა მ-ის დაბრუნება (იხ. ასპინძის ბრძოლა 1770). მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის 1828–29 ომის შედეგად მ-ის ნაწილი – სამცხე, ჯავახეთი და ერუშეთი – დაუბრუნდა ქართ. მიწა-წყალს. 1878 კი ოსმალეთმა დაკარგა აჭარა, შავშეთ-იმერხევი, კლარჯეთ-ლიგანი, კოლა და არტაანი. ამ ფაქტს კი ადგილობრივი მაჰმადიანი ქართველების ოსმალეთის შიდა ოლქებში გადასახლება მოჰყვა. აქედან აყრილი ქართველი მაჰმადიანების ნასოფლარები არზრუმიდან გადმოსახლებულმა სომხებმა და რუსეთიდან მოსულმა სექტანტებმა დაიკავეს. საბოლოდ კი 1921 საქართველომ მ-ის ტერიტორიიდან მხოლოდ სამცხე, ჯავახეთი და აჭარა შეინარჩუნა.
წყარო: ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს გეოგრაფია, თბ., 1997; ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987.
ლიტ.: ბერძენიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები (ზემო ქართლი–თორი, ჯავახეთი). თბ., 1985; თოფჩიშვილი რ., ისტორიულ-ეთნოგრაფიული სამხრეთი საქართველო და ქართველები თურქეთში, თბ., 2017; ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე), თბ., 1973; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 1–2 თბ., 1977–80 ნიკოლაიშვილი დ., სართანია დ., ტაო-კლარჯეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი, თბ., 2018; ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები, სამ ტომად, ტ. 1–3., თბ., 2020; უჯმაჯურიძე ა., მესხეთი ოსმალური დავთრების მიხედვით, ცნობარი, თბ., 2021; ჯავახიშვილი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 12, თბ., 1998.
რ. თოფჩიშვილი