ტაბიძე გალაკტიონ ვასილის ძე

გ. ტაბიძე

ტაბიძე გალაკტიონ ვასილის ძე [5. XI. 1891 (17. XI. 1891, სოფ. ჭყვიში, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი,  – 17. III. 1959, თბილისი], პოეტი, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკად. აკადემიკოსი (1944). დაიბადა მასწავლებლის ოჯახში, წინაპრები, როგორც მამის, ასევე დედის მხრიდან, სასულიერო წოდებას ეკუთვნოდნენ. განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელსა (1900-07) და თბილისის სასულიერო სემინარიაში (1908-10). 1910-11 წლებში მუშაობდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლად სოფ. ფარცხნალში (ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი); 1917–18 იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში, დაამთავარა მოსკოვის სცენისმოყვარულთა ლიგის ხუთთვიანი სარეჟისორო კურსები. 1918 წლიდან დამკვიდრდა თბილისში, ამავე პერიოდიდან საქართველოს მთავრობის მეთაურის – ნოე ჟორდანიას საქმეთა მწარმოებლის (კანცელარიის მდივნის) მოვალეობას ასრულებდა; 1921 წლის იანვარში ლექსით „პოეზია – უპირველეს ყოვლისა“ გაიმარჯვა პოეტების მეფის ასარჩევად გამართულ კონკურსში; იყო ჟურნ. „სახალხო გვარდიელის“ პასუხისმგებელი მდივანი“ (1920-21); „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის“ (1922-23) დამაარსებელი, ჟურნ. „მნათობის“ (1924) თანადამაარსებელი. 1924 წელს რამდენიმე დღით დააპატიმრეს აგვისტოს აჯანყებისადმი მიძღვნილი ანტისაბჭოთა პოემის გამოქვეყნების გამო; მონაწილეობდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში (1935).

პირველი ლექსები 1908 წელს გამოაქვეყნა: „...მთვარე კაშკაშებს“ (გაზ. „ამირანი“) და „...სქელი ღრუბელი“ (ჟურნ. „ჩვენი კვალი“). ამ დროიდან ტ. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც თბილისის, ისე – ქუთაისის პერიოდულ გამოცემებთან.

1914 წელს გამოსცა პირველი წიგნი, რომელიც 157 ლექსს აერთიანებდა, მათ შორის: „ხელოვნება“, „მიმღერე რამე“, „უსიყვარულოდ“, „გურიის მთები“, „სად?“, „უდაბნო“, „გეტერა“ და სხვ. კრებულმა დიდი ინტერესი გამოიწვია – კრიტიკოსებმა აღიარეს ახალგაზრდა ავტორის გამორჩეული ტალანტი. ტ-ის პირველი კრებული უნიკალურ მოვლენას წარმოადგენდა თავისი დროის ქართულ პოეზიაში და ჭაბუკ პოეტს განახლების გლობალური პროცესის თანამონაწილედ წარმოაჩენდა.

1919 წელს გამოცემულმა მეორე წიგნმა „CRANE AUX FLEURS ARTISTIQUES“ („თავის ქალა არტისტული ყვავილებით“), ანუ „არტისტულმა ყვავილებმა“ პოეტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. რეცენზენტებმა -ს ახალი ლიტერატურის პირველი წარმომადგენელი უწოდეს, რომლის შემოქმედებაშიც ცხადად ჩანს სიმბოლიზმი, ასევე, ხაზი გაუსვეს პოეტის ესთეტურ არისტოკრატიზმს, ფორმის უკიდურეს სრულყოფილებას, ლექსების გამორჩეულობას, ორიგინალურობას. წიგნი აერთიანებდა 1914-19 წლებში დაწერილ შედევრებს: „შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში“, „ლურჯა ცხენები“, „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“, „თოვლი“, „შერიგება“, „მერი“, „ალვები თოვლში“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „ატმის ყვავილები“, „ვერხვები“, „მთაწმინდის მთვარე“, „მამული“... გარდა კონვენციური ლექსებისა, ავტორმა კრებულში შეიტანა რამდენიმე ვერლიბრიც: „ჩვენი საუკუნე“, „ღრუბლები ოქროს ამურებით“, „ფარდების შრიალი“. გალაკტიონოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ „არტისტული ყვავილები“ იდუმალი და ენიგმატური წიგნია, ორიენტირებული დასავლურ მოდერნისტულ კულტურაზე. მასში უმაღლეს დონეზეა განხორციელებული ევროპული „ახალი პოეზიის“ ფორმისა და ქართული ეროვნული სულის სინთეზი. დღეს, „არტისტული ყვავილების“ გამოცემიდან ასზე მეტი წლის შემდეგ, ეს წიგნი კვლავაც ქართული ლირიკის უმაღლეს მწვერვალად, ქართული შემოქმედებითი გენიის სიმბოლოდ არის მიჩნეული.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ პოეტი ოკუპანტთან აქტიური თანამშრომლობის გზას არ დასდგომია, მოდერნისტულ წარსულს არ გამიჯვნია და სანამ შესაძლებელი იყო, მაღალი პოეზიისა და შემოქმედებითი თავისუფლების იდეალებს იცავდა. ამას ადასტურებს მისი პოეტური მანიფესტები, 1925 წელს დაბეჭდილი „100 ლექსი“, 1927 წლის „რჩეული“ (ე.წ. ზარნიშიანი წიგნი) და, რაც მთავარია, ანტისაბჭოური, ბოლშევიკთა მამხილებელი პოემა ,,მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“. აქ აშკარად იყო მინიშნება არაადამიანურად ჩაახშობილ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაზე, რომლის მიზანიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.

1920-იანი წლების მიწურულიდან, მკვეთრად შეცვლილი პოლიტიკურ-კულტურული ვითარების გამო, ტ. იძულებული გახდა დროის მოთხოვნას დამორჩილებოდა – საბჭოთა აღმშენებლობისათვის ლექსები და პოემები მიეძღვნა. 1930-იანი წლებიდან მის შემოქმედებაში მკვეთრი ცვლილებები შეინიშნება: კონიუნქტურული ტექსტების გვერდით ჩნდება ლექსები, რომლებშიც აშკარად იკვეთება სინამდვილის ესთეტიკურად ათვისების ცდები. მეორე მსოფლიო ომის დროს გ. ტაბიძის შემოქმედების თემატიკა, ძირითადად, პატრიოტულია, ოფიციოზის მოთხოვნების შესაბამისად იქმნება ომისა და სამშობლოს თემაზე დაწერილი არაერთი ნაწარმოები.

1933 წელს ტ-ის სამწერლო მოღვაწეობის 25-ე წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა და სახალხო პოეტის წოდებაც მიენიჭა. საყოველთაო აღიარების მიუხედავად, მისთვის 30-იანი წლები ურთულესი ხანა იყო როგორც შემოქმედებითი, ისე - ბიოგრაფიული თვალსაზრისით. 1936 წ. კიდევ ერთხელ გადაასახლეს მისი მეუღლე, ტროცკისტობაში ბრალდებული ოლია ოკუჯავა, და 1941 წელს დახვრიტეს კიდეც.

40-იანი წლების ბოლოს ტ-ს სტილის ბუნდოვანებაში, ფორმალიზმსა და დეკადენტობაში დასდეს ბრალი. პოეტი გრძნობდა, რომ მისი უდიდესი დამსახურების იგნორირება ხდებოდა. მან ამ არასასურველ გარემოებათა გამო თავისი შემოქმედების ერთგვარ შეჯამებაზე დაიწყო ფიქრი. ამ დროს დაიწერა შედევრი, ორპლანიანი ლექსი  „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, რომელიც, შეიძლება პოეტის ანდერძად ჩაითვალოს. ტ. ამ ნაწარმოებში, ერთი მხრივ, ხუროთმოძღვრების კონკრეტულ ძეგლში გამოხატულ ქართულ გენიას განადიდებს, ხოლო, მეორე მხრივ – იმაგინაციურ ტაძარს, თავისი პოეზიის სიმბოლოს, რომელიც შთამომავლობისათვის აღმართა.

XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ტ-ის პოეტური სტილი მკვეთრად იცვლება, იწერება „რთული სისადავის“ ესთეტიკაზე დაფუძნებული არაერთი შედევრი. ამ დროიდანვე მის შემოქმედებაში ჩნდება სინამდვილისადმი ირონიული დამოკიდებულება. გარდა ამისა, პოეტი საუბრობს ლიტერატურულ სინდისზე, ხალხისა და ქვეყნის პატიოსნად, უანგაროდ მსახურებაზე. ამგვარ თემებზე წერა საბჭოთა ტოტალიტარიზმის ეპოქაში დიდ გამბედაობას მოითხოვდა.

-ის როლი ქართული ლიტერატურის ისტორიაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც - მოდერნიზმის საუკეთესო წარმომადგენლებისა ევროპაში; გასული საუკუნის დასაწყისში ტ-მ შემოქმედებითად გაიზიარა სიმბოლიზმის მიღწევები და ევროპული კულტურის თავისებურებების ეროვნულ ტრადიციებთან შერწყმის გზით ქართული პოეზია ზოგადკულტურულ არეალში მოაქცია.

-ის სახელს უკავშირდება  ქართული პოეზიის ორგზისი რეფორმა. 10-იან წლებში მან ეროვნული გამოცდილებისა და უახლესი ევროპული მხატვრულ-ესთეტიკური ძიებების სინთეზირების გზით  სათავე დაუდო თვისებრივად განახლებულ პოეტურ აზროვნებასა და ნიუანსებით მდიდარ პოეტურ ენას, შექმნა ვერსიფიკაციულად სრულიად მოდერნიზებული, ახლებური ჟღერადობის ლექსი. 30-50-იან წლებში ახალი ფორმებისა და შინაარსის ძიებამ ტ. მეორე პოეტურ რეფორმამდე მიიყვანა. ამ პერიოდის თვისებრივად განახლებულმა, ნეოკლასიკურმა პოეტიკამ და სტილისტიკამ დიდი გავლენა მოახდინა შემდეგი დროის ქართულ ლირიკაზე  – ეროვნული პოეზიის შემდგომი განვითარება და თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ტენდენცია გენეტიკურად სწორედ -ის ბოლო წლების შემოქმედებას უკავშირდება.

დაულაგებელმა პირადმა და საზოგადოებრივმა ცხოვრებამ, რეპრესიებმა, მძიმე სულიერმა მდგომარეობამ და ურთულესმა სოციალურ-პოლიტიკურმა ატმოსფერომ 1959 წ. პოეტი თვითმკვლელობამდე მიიყვანა: მისი სუიციდი პროტესტის უკიდურესი ფორმა იყო იმდროინდელი სინამდვილის წინააღმდეგ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

-ის ლექსები ნათარგმნია მრავალ ენაზე.

თხზ.: თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. I-XII, თბ., 1966-75; საარქივო გამოცემა ოცდახუთ წიგნად, წ. 1-25, თბ., 2005-08; თხზულებანი თხუთმეტ ტომად, ტ. I-V. თბ., 2016-17.

ლიტ.: ასათიანი გ., საუკუნის პოეტები“, თბ., 1988; დოიაშვილი თ., ვარდი ნაწვიმარ სილაში (წერილები გალაკტიონზე), თბ., 2023; თვარაძე რ., ლეგენდა გალაკტიონის ცხოვრებისა, თბ., 2001; კვესელავა მ. პოეტური ინტეგრალები, თბ., 1977;  კრებ. „გალაკტიონოლოგია“, I-X, თბ., 2003-25; ნინიძე მ., სიხარულიძე ნ., თვალავაძე თ., ბებურიშვილი ლ., მეტრეველი ს., გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, თბ., 2025; ტაბიძე ნ., გალაკტიონი, თბ., 2000; ჩხეიძე რ., კომიკოსი ტრაგედიაში, თბ., 2012; ჯავახაძე ვ., უცნობი, თბ., 2020.

 

ნ. სიხარულიძე