ეკლესიასტე (ბერძნ. Ekklēsiastēs – „საკრებულოს მქადაგებელი"), ძველი აღთქმის წიგნი. განეკუთვნება ე. წ. „სიბრძნის ლიტერატურას", რის გამოც იგი მიეწერება ებრაელთა მეფე სოლომონს (ძვ. წ. X ს.), თუმცა ენობრივი და სტილური ნიშნებით გაცილებით გვიან უნდა იყოს შექმნილი (დაახლ. ძვ. წ. III ს.). ე. შეიძლება ჩაითვალოს ცოდვილი და ცხოვრებით მოყირჭებული, წუთისოფელზე გულაცრუებული მეფის აღსარებად. მასში გაცხადებულია წუთისოფლის წარმავლობა, ღრმად არის განცდილი ყოფიერების ტრაგიზმი, მისი „ორგემაგეობა" (დავით გურამიშვილის გამოთქმა), ადამიანის ბუნების უცვლელობა, მისი შემეცნებითი შესაძლებლობების დასაზღვრულობა – ადამიანი ვერ ჩასწვდება ცხოვრების აზრს, სიბრძნის დასაბამი ღვთის შიშია. ე-ს სულისკვეთების გასაღებია სიტყვები: „ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო" (1,2). წიგნი შედგება ცალკეული შეგონებებისა და ბრძნული გამონათქვამებისგან, რ-ებიც ხშირად ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. გვიანდ. იუდაისტურ ლიტ-რაში წიგნში გამოვლენილი მსოფლმხედველობა მეტად უარყოფითად იყო შეფასებული. ქართულად ე. ადრევე უთარგმნიათ, შეტანილია ძველი აღთქმის უძველეს ხელნაწერში „ოშკის ბიბლიაში" (978).
ზ. კიკნაძე