„ეკლესიის მამები“

„ეკლესიის მამები“, ქრისტიანული ეკლესიის დოგმატიკისა და ორგანიზაციის შემქმნელი ცნობილი მოღვაწეების (II–VIII სს.) ტრადიციული სახელწოდება. კათოლ. ეკლესიაში „ე. მ." არიან ამბროსი მედიოლანელი, ავგუსტინე ნეტარი, იერონიმე და გრიგოლ I დიდი, მართლმადიდებელში – ათანასე ალექსანდრიელი, ბასილი დიდი კესარიელი, გრიგოლ ნაზიანზელი (გრიგოლ ღვთისმეტყველი), გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი, იოანე დამასკელი. „ე. მ-ს" მიაკუთვნებენ გარკვეული პერიოდის საეკლ. მოღვაწეებს (ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ეს პერიოდი XII ს-მდე გრძელდება) და ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხულ იმ პირებს, რ-თა მოძღვრება ორთოდოქსულად არის მიჩნეული. „ე. მ-ის" არაერთი დოგმატიკური, ლიტურგიკული, მორალისტურასკეტური, ჰაგიოგრაფიული თუ ფილოს. ნაწარმოები ითარგმნა ქართულად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ძვ. ქართულ მწერლობაში ბასილი დიდის თხზულებამ „ექუჳსთა დღეთაჲ", გრიგოლ ნოსელის „კაცისა შესაქმისათჳს", ათანასე ალექსანდრიელის „ცხოვრება წმიდისა ანტონისი" და სხვ. თხზულებები თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლებმა, ეფრემ მცირემ, გრიგოლ ოშკელმა, დავით ტბელმა და სხვ. იხ. აგრეთვე პატრისტიკა.