ეკოლოგიური განათლება

ეკოლოგიური განათლება, განათლების სისტემა, რომლის საფუძველია ინტერდისციპლინარული სამეცნიერო სწავლება ცოცხალი ორგანიზმების შესახებ, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს შორის ურთიერთკავშირზე. მოქალაქის უფლება-მოვალეობას, მიიღოს ე. გ., აიმაღლოს გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე, უზრუნველყოფს საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ. ე. გ. ეკოპოლიტიკის ნაწილია. მისი მიზანია გარემოს დაცვა და გაჯანსაღება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური მოხმარება და განახლება სოციოსფეროს შენარჩუნება და განვითარება. ე. გ., რ-საც საფუძველი XIX საუკუნეში ჩაეყარა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძველზე აღმოცენდა. განათლების სისტემაში მას გარემოსდაცვითი განათლება ჩაენაცვლა. XX ს. 60-იან წლებში დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებები – მსოფლიოს ქვეყნებმა შემოიღეს დედამიწის დღე (22 აპრ.), ხოლო 1972 სტოკჰოლმში გაეროს კონფერენციაზე „ადამიანის საარსებო გარემო" დეკლარირებულ იქნა ე. გ-ის აუცილებლობა. გარემოს დაცვის მიზნით თბილისში 1977 მსოფლიოს პირველ სამთავრობათშორისო კონფერენციაზე „გარემოს შესახებ განათლება" მიიღეს „თბილისის დეკლარაცია", რ-შიც ხაზი გაესვა ე. გ-ის აუცილებლობას როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში. საქართველოში ე. გ-ის დიდი ტრადიციები არსებობს. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი გაჯერებულია ფილოს. ცოდნით სამყაროს აგებულების შესახებ, მოცემულია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთობის მაგალითები; მნიშვნელოვანია ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა", სადაც იკვეთება ე. გ-ის საწყისები; ასევე არ შეიძლება ე. გ-ის მნიშვნელობის უგულებელყოფა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებში; ი. გოგებაშვილის „ბუნების კარი" კი პედ. თვალსაზრისით ბავშვის გარემოსთან დაახლოების კონცეფციაა, რაც მოზარდს აძლევს საბუნებისმეტყველო ცოდნას, უნერგავს მას ბუნების სიყვარულს. საქართველოს  „გარემოს დაცვის შესახებ" კანონი ითვალისწინებს საზოგადოების გარემოსდაცვითი დონის ამაღლებას და სპეციალისტების მომზადებას ერთიანი სისტემით, რ-იც მოიცავს საგანმან. სასწავლებლების, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულებათა ქსელს. საყოველთაო, სავალდებულო, ერთიანი და უწყვეტი ე. გ-ის სისტემა გულისხმობს გარემოსდაცვითი განათლების თანმიმდევრულ დანერგვას, სკოლამდელი განათლების სტრუქტურებიდან დაწყებული – საშუალო და უმაღლესი სკოლის ყველა საფეხურის ჩათვლით და საბაკალავრიატო – სამაგისტრატურო – სადოქტორანტურო სისტემით დამთავრებული. განათლების სისტემაში წარმოჩენილ თანამედროვე გარემოსდაცვით პრობლემებს შორისაა: გარემოსდაცვითი (გლობალური დათბობა, მჟავა წვიმები და სხვ.), სოც. (ადამიანის უფლებების დარღვევა, კულტურათაშორისი კონფლიქტი და სხვ.) და ეკონ. (მდიდარ და ღარიბ ქვეყანათა შორის სხვაობა და სხვ.) პრობლემები. გარემოს დაცვისა და მისი რესურსების რაციონალურად გამოყენების შესახებ სავალდებულო ცოდნის მინიმუმის დაუფლება უზრუნველყოფილია საგანმან. დაწესებულების სასწ. პროგრამით. გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სისტემა მოიცავს სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო, პროფ. და უმაღლესი განათლების ეტაპებს. გარემოსდაცვითი მიმართულებები წარმოდგენილია სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მაგ., თსუ-ში საბაკალავრო პროგრამებია გეოგრაფიაში, ეკოლოგიაში, გამოყენებით ბიომეცნიერებებსა და ბიოტექნოლოგიაში, ხოლო სამაგისტრო პროგრამები – ფიზ. გეოგრაფიასა და გარემოს მდგრად განვითარებაში. ილიას სახელმწ. უნ-ტში საბაკალავრო კურსს გადიან ცოცხალი სამყაროსა და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში, ხოლო მაგისტრატურაში სწავლობენ გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგიებს, ეკოლ. გენეტიკას, გეოეკოლოგიას, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შეფასებას, ეკო, აგრო და სასოფლო ტურიზმის მენეჯმენტს, დედამიწის, კავკასიისა და საქართვ. ბიოლოგიურ რესურსებსა და ბიომრავალფეროვნებას მდგრადი განვითარების პარადიგმის კონტექსტში. საქართველოში არსებული კვლევითი ინ-ტების ნაწილი გარემოსდაცვითი მიმართულებისაა. მოქალაქეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ზრდასრულთა განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სწრაფადცვალებად სამყაროში. სახელმწიფოსთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც ახორციელებენ პროექტებს ეკოლ. განათლების ხელშესაწყობად როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.

მ. რატიანი