მონარქია (ლათ. – monarcha; ბერძნ. μονάρχης: μόνος – ერთი; ἀρχων – მმართველი), სახელმწიფო მმართველობის ფორმა, პოლიტიკური სისტემა, რომელშიც უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის სუვერენს, მმართველს, ანუ სახელმწიფოს მეთაურს. მონარქი არის უმაღლესი რანგის დიდგვაროვანი პოლიტიკური ძალაუფლებით. მ-ში მონარქის ხელისუფლების ფორმირება ამომრჩევლების მიერ არ ხდება. ძალაუფლება მემკვიდრეობით გადადის, როგორც წესი, მამიდან ვაჟზე. ანტიკურ სამყაროში, მ. ოჯახის უფროსის ძალაუფლების გაგრძელებად, მმართველობის უძველეს ღვთიურ ფორმად მიიჩნეოდა.
ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში მ. არსებობდა თვითმპყრობლობის, „ღვთისსწორობის“ ფორმით (იხ. მეფე).
მ-ის გავრცელებული ფორმებია: აბსოლუტური მ. და კონსტიტუციური მ.
აბსოლუტურ მ-ში მონარქი ფლობს ხელისუფლების ყველა შტოს საკანონმდებლოს, აღმასრულებელის და სასამართლოს. წარმომადგენლობითი ორგანოები არ მოქმედებენ (მაგ.: ბრუნეი, ომანი, საუდის არაბეთი). აბსოლუტური მ-ის ფორმაა თეოკრატიული მ. რ-იც იმართება ღვთიური წარმოშობის პირად მიჩნეული ლიდერის მიერ და სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემა რელიგიურ კანონს ეფუძნება (მაგ.: საუდის არაბეთი, ირანი, ვატიკანი).
კონსტიტუციურ მ-ში მონარქი შეზღუდულია კონსტიტუციური ნორმებით. შეზღუდვის ხასიათის მიხედვით ასხვავებენ დუალისტურ და საპარლამენტო მ-ებს. დუალისტურ მ-ში (მაგ.: ტაილანდი, მონაკო) მონარქის უფლებამოსილება პარლამენტის მიერ იზღუდება, ძალაუფლება განაწილებულია პარლამენტსა და მონარქს შორის მონარქის სასარგებლოდ. იგი აღჭურვილია აღმასრულებელი ხელისუფლებით, ხელს აწერს კანონებს და სარგებლობს აბსოლ. ვეტოს უფლებით. ამასთან მონარქს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი. საპარლამენტო მ. უფრო დემოკრ. ფორმაა. მონარქს აქვს სიმბოლური სტატუსი. იგი სახელმწ. მეთაური და ცერემონიული ლიდერია, რ-ის გარშემო ყალიბდება ეროვნ. ერთობა. კონსტიტუციით სხვა ხელისუფლება მიკუთვნებული აქვს საკანონმდებლო ორგანოს და სასამართლოს (მაგ.: გაერთიანებული სამეფო, ბელგია, ესპანეთი, ნიდერლანდები).
ლიტ.: კარბელაშვილი გ., ბაგრატიონთა დინასტია და ქართული პოლიტიკური თეოლოგია, კრ.: ლიტერატურული ძიებანი, ტ. 20, თბ., 1999; სურგულაძე ი., მეფის ხელისუფლება, წგ. საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, თბ., 1952; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. მე-2, თბ., 1984, (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).
ი. უჯმაჯურიძე