ეკატერინე დადიანი (19. III. 1816 – 13. VIII. 1882), სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი; ა. ჭავჭავაძის ასული. 1839 ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს – დავით დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა-გამგეობაში. 1853, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრე ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ე. დ. რეგენტად დაამტკიცა. ყირიმის ომის დროს (1853–56), როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალმა ომერ-ფაშამ სცადა სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმება, მაგრამ ე. დ. ლეჩხუმში გაიხიზნა და შეუდგა სახ. ლაშქრის ორგანიზებას, პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. 1856 ე. დ. მიიწვიეს პეტერბურგში ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალზე; იგი დიდი პატივით მიიღეს, მიანიჭეს „სტატსდამის" წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს. 1857 სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ე. დ-მა დახმარებისათვის რუს. ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა სასტიკად დასჯას ითხოვდა. მთავრობამ ეს მომენტი სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა, აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა და შეეცადა დაერწმუნებინა ე. დ. ნებაყოფლობით წასულიყო სამთავროდან, მაგრამ რაკი ეს ვერ მოახერხა, მას სამემკვიდრეო უფლების შენარჩუნების გარანტია მისცა – სამთავროში შემოღებული ახ. მმართველობა, ვითომდა დროებით, მემკვიდრის სრულწლოვანებამდე ცხადდებოდა. 1857 წ. 26 სექტ. სამეგრელოს „როებით" მმართველად გენ. ნ. კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმებას ნიშნავდა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ე. დ-მა სამეგრელოში გაატარა. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში. ე. დ-მა შემოუნახა შთამომავლობას ნ. ბარათაშვილის ხელნაწერი რვეული (ლექსები და პოემა "ბედი ქართლისა").
ლიტ.: დ უ მ ბ ა ძ ე მ., დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში, თბ., 1957; მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941; მ ე უ ნ ა რ გ ი ა ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939; მ ი ს ი ვ ე, ქართველი მწერლები, ს. ცაიშვილის გამოც., [ტ.] 2, თბ., 1957; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970.
დ. კაჭარავა