მოქალაქის ძირითადი უფლება-მოვალეობანი

მოქალაქის ძირითადი უფლება-მოვალეობანი, კონცეფცია მოქალაქის ძირითადი უფლებების შესახებ. იგი ადამიანის ძირითად უფლებებს იმეორებს, თუმცა გარკვეული უფლებები მხოლოდ ქვეყნის მოქალაქისთვის არის გარანტირებული და მას თავისი მოვალეობების (სამხედრო სამსახური, გადასახადების გადახდა) საპირწონედ ენიჭება. მოქალაქეობა წარმოადგენს პირის პოლიტ. კავშირს ამა თუ იმ სახელმწიფოსთან, ამიტომ მოქალაქის უფლებები, ადამიანის საყოველთაო უფლებებისგან განსხვავებით (სახელმწიფოს ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით), შეზღუდულია კანონმდებლობით. აკრძალულია დისკრიმინაცია მოქალაქეობის ნიშნით, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად.

სახელმწიფო თავის მოქალაქეს მფარველობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. დაუშვებელია საქართვ. მოქალაქის გაძევება საქართველოდან.

მოქალაქის ძირითადი უფლებაა საარჩევნო, აგრეთვე საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოში უმაღლესი თანამდებობის პირის, მაგ., პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირსაც. საქართვ. კონსტიტუციით საქართვ. მოქალაქე უზრუნველყოფილია ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვით და სახელმწ. პენსიით (პენსია ენიშნება საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს). აგრეთვე სას.-სამ. დანიშნულების მიწის საკუთრებაში ფლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას.

იხ. აგრეთვე სტატია ადამიანის უფლებები.

ი. უჯმაჯურიძე