მოქვის საეპისკოპოსო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია. დაარსდა X ს. მეორე ნახ-ში. მისი საკათედრო ცენტრი ოჩამჩირის მუნიციპ. სოფ. მოქვში მდებარე მოქვის ღვთისმშობლის ტაძარი იყო. ,,მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, მოქვის ტაძარი აგებულია და კურთხეულია საკათედროდ ,,აფხაზთა“ მეფის ლეონ III-ის მიერ: ,,ამან აღაშენა ეკლესია მოქჳსა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა“. ლეონ III-ის მიერ ტაძრის საკათედროდ კურთხევა IX–X სს. ,,აფხაზთა“ სამეფოში მიმდინარე იმ პროცესის შემადგენელი ნაწილია, როდესაც იქმნება ჭყონდიდის, ბედიის, დრანდის საეპისკოპოსოები. მთელი შუა საუკუნეების მანძილზე მ. ს. რელიგიის, კულტურისა და განათლების კერას წარმოადგენდა, ამდენად მისი ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის სოც.-ეკონ., პოლიტ. და კულტ. ცხოვრებას. მ. ს. საეკლესიო მიწისმფლობელობისა და სამამულო სისტემის, მისი, როგორც საეკლესიო-ფეოდალური სენიორიის შესახებ ცნობები არ არის შემორჩენილი.
მოქვის ეპარქიის მღვდელმთავარი ცნობილია მოქველის სახელით. თითქმის ყველა მოქველი მთავარეპისკოპოსის ხარისხს ატარებდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მოქველთა სამწყსოს შეადგენდა ტერიტორია მდ. მოქვსა და მდ. კოდორს შორის. მოქველთა შესახებ ქართულ და უცხოურ წყაროებში ძალზე მწირი ცნობებია დაცული. X–XI სს-ში მოქველი მღვდელმთავრების შესახებ არაფერია ცნობილი. XII ს-იდან მოქვის კათედრაზე ჩვენთვის ცნობილია შემდეგი მღვდელმთავრები: მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (XII ს.), რ-ის სახელსაც უკავშირდება მოქვის სამრეკლოს აგება; მთავარეპისკოპოსი დანიელი (XIII ს. ბოლოსა და XIV ს. დასაწ.), მოქვის ოთხთავის (1300 წ.) მომგებელი; მთავარეპისკოპოსი აბრაჰამი (XIV ს. I ნახ.); ამბრია მოქველი (XIV ს.); ლუკა ოძრხელი (XIV ს. 60-იანი წლები); მოქვის ოთხთავის კიდევ ერთ, უფრო გვიანდელ მინაწერში მოხსენიებულია მთავარეპისკოპოსი ფილიპე ჩხეტიძე (დაახლ. XV ს.); მღვდელმთავარი რომანოზი (XV ს. მიწურული), რ-იც თოფურიძეთა სასისხლო სიგელშია ნახსენები; საბა მოქველი (XV ს. მიწურული); მთავარეპისკოპოსი ელია, რ-იც მოქვის ომოფორის (ოლარის) წარწერის მიხედვით, მოქვისა და დრანდის კათედრებს განაგებდა; გრიგოლ მოქველი (მოქვის გულანის ერთ-ერთი მინაწერის მიხედვით XVI ს. 30–50 წლები); ეფთვიმე საყვარელიძე [XVI ს. 50–70-იანი წლები; მოგვიანებით აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი ეფთვიმე (ექვთიმე) I]; XIII ს. მარხვანის გვიანდელ მინაწერში (XVI–XVII სს.) ნახსენები ლაზარე მოქველი; ეპისკოპოსი ანდრია (XVII ს. 60-იანი წლები), რ-იც ტყვის სყიდვაში მონაწილეობის გამო ეკლესიიდან განიკვეთა; XVII ს-ში მოღვაწე იაკობ მოქველი, რ-იც უკანასკნელ მოქველადაა მიჩნეული. ამასთანავე, არსებობს ცნობები ისეთ მოქველებზეც, რ-თა სახელებიც უცნობია, მაგ: XVI ს. შუა ხანებში, დაახლ. 1557–60 შორის, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის ინიციატივით მოწვეულ დას. საქართველოს საეკლესიო კრებას სხვა კათოლიკოსებსა და ეპისკოპოსებს შორის მოქველი მთავარეპისკოპოსიც ესწრებოდა, რ-ის სახელიც მითითებული არ არის. მსგავსი ფაქტი გვხვდება დოსითეოსის (შემდგომში, იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოს II ნოტარა) ჩანაწერებშიც – 1658 იერუსალიმის პატრიარქი პაისიოსი დოსითეოსთან ერთად ოდიშის სამთავროს სტუმრობდა. ამ უკანასკნელის მოგზაურობის ჩანაწერების მიხედვით, მათ უმასპინძლა მოქველმა ეპისკოპოსმა, რ-ის სახელი არ არის მითითებული.
1681 ოდიშის სამთავროს ჩრდ.-დას. ნაწილი მდ. კელასურიდან მდ. ეგრისწყლამდე (ღალიძგა) აფხაზეთის სამთავროს შემადგენლობაში მოექცა. თუმცა ამ დროს გაძლიერდა ჩრდ. კავკასიიდან მთიელების (აფსუების) ჩამოსახლება. მათ მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდა ქრისტ. ეკლესიის ფუნქციონირება, რის შედეგადაც დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები გაუქმდა. ვახუშტი ბატონიშვილი ამ ამბების შესახებ აღნიშნავდა: ,,გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე, და დაეშენებოდენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი“. საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ მოქვის საკათედრო ტაძარი დაცარიელდა და გაპარტახდა.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; საქართველოს სიძველენი, ტ. 1, ტფ., 1920; საქართველოს სიძველენი, ტ. II, ტფ., 1909.
ლიტ.: ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961; არახამია გ., სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის, თბ., 2017; ახალაძე ლ., აფხაზეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, I (ლაპიდარული და ფრესკული წარწერები), თბ., 2005; კალანდია გ., ოდიშის საეპისკოპოსოები (ცაიში, ბედია, მოქვი, ხობი), თბ., 2004; ჟორდანია თ., მოქვის ეკლესიის (აფხაზეთში) ომოფორი ისტორიულის წარწერებით, „ივერია“, 1902, №92; სამეგრელო. ქართული კულტურის ისტორიის ქრონიკები. ნარკვევები, მასალები, ტ. 1, გ. კალანდიას საერთო რედ. თბ., 2025; სილოგავა ვ., სამეგრელო-აფხაზეთის ეპიგრაფიკა, თბ., 2006; ხორავა ბ., ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV–XVIII სს., თბ., 1996; ჯოჯუა თ., მოქვის უცნობი ეპისკოპოსი ლუკა ოძრხელი (1360-იანი წწ.) და მისი ხუთი მინაწერი XII საუკუნის გარეჯული კრებულის (Ven. 4-ის) აშიებიდან, კრ. ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, VI, თბ., 2003; Кондаков Н., Опись памятников древностей в некоторых храмах и монастырях Грузии, СПб., 1890; Рчеулишвили Л. Д., Купольная архитектура VIII–IX веков в Абхазии, Тб.,1988.
ბ. ხორავა