მოქვის სახარება

მოქვის სახარება

მოქვის სახარება, შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი სახარება. გადაწერილია აფხაზეთში (1300), მოქვის ღვთისმშობლის ეკლესიაში დანიელ მოქველ ეპისკოპოსის დაკვეთით. ხელნაწერი (Q 902) შემკულია მრავალი ძვირფასი მინიატიურით, რ-ებიც ეკუთვნის მხატვარსა და კალიგრაფ ეფრემს (XIII–XIV სს.). მ. ს. ნუსხურით ორ სვეტად ნაწერი მოზრდილი ფორმატის წიგნია. ხელნაწერში 329 ფურცელი, 160 სიუჟეტური მინიატიურა, 10 კამარა, 4 თავსამკაული და 531-ზე მეტი მოხატული საზედაო ასოა. ტექსტში გვხვდება დიდი ზომის 500-ზე მეტი ფიგურული ინიციალი, რ-ებიც ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებისგან შედგება. მოხატულობა უშუალოდ ოქროზეა შესრულებული. 1921 მ. ს. საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის მთავრობამ, სხვა ქართულ ხელნაწერებთან ერთად, საფრანგეთში გადაიტანა, ხოლო 1945 ე. თაყაიშვილის თაოსნობით საქართველოში დაბრუნდა.

ხელნაწერი ძლიერ დაზიანებული იყო. მის დასაცავად 2010–13 განხორციელდა პროექტი „გადავარჩინოთ მოქვის სახარება“. 2011-იდან იუნესკოს დაფინანსებით დაიწყო ხელნაწერის რეაბილიტაცია, რ-შიც ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები. 2012 გამოიცა მ. ს-ის ახალი სამენოვანი (ქართ., აფხ., ინგლ.) ალბომი. მ. ს. დაცულია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში.