მოციქულები (წარგზავნილი, მქადაგებელი), უშუალოდ იესო ქრისტეს უახლოესი მოწაფეები და მიმდევრები. მ. იყვნენ „სიმონი, პეტრედ წოდებული და მისი ძმა ანდრია, იაკობ ზებედის ძე და მისი ძმა იოანე, ფილიპე და ბართლომე, თომა და მებაჟე მათე, იაკობ ალფესის ძე და ლებეოსი, იგივე თადეოზი; სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რ-მაც გასცა ქრისტე. იუდას ნაცვლად შემდგომ აირჩიეს მატათა. ფართო გაგებით, მ-ად იწოდება მაცხოვრის 70 მიმდევარი, მისგან გამორჩეულნი, ე. წ. „სამოცდაათთაგანნი“ (ლუკა 10. 1-2). წინა მ-ისაგან განსხვავებით პავლემ მოციქულებრივი მსახურება ქრისტეს ამაღლების შემდგომ დაიწყო. პეტრესა და პავლეს „მოციქულთა თავნი“ ეწოდათ. მ-მა ქრისტიანობა რომის იმპერიასა და მის მეზობელ ქვეყნებში იქადაგეს. საეკლ. და ისტ. წყაროების მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები იყვნენ ანდრია მოციქული პირველწოდებული და სიმონ კანანელი. სიმონი აქვე აღესრულა მოწამებრივად და ახალ ათონშია დაკრძალული. ზოგიერთი ცნობით, საქართველოში უქადაგია მატათა მოციქულსაც. ქართლის ცხოვრების მიხედვით, მატათა გონიოში გარდაცვლილა და იქვეა დაკრძალული. საეკლ. კანონმდებლობა მოციქულთა მიერ შემუშავებულ კანონებსა და წესებს ემყარება. მ-თა ცხოვრება და ღვაწლი აღწერილია ლუკა მახარებლის მიერ „საქმე მოციქულთაში“
ლიტ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. 1, თბ., 2022.
ზ. ეკალაძე