მოცხარი, ხუნწი (Ribes), მცენარეთა გვარი ხურტკმელისებრთა (Grossulariaceae) ოჯახისა. 1–3 მ სიმაღლის ფოთოლმცვივანი ბუჩქებია. აქვს სხვადასხვა ფერის (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მოშავო) კენკრა ნაყოფი, 150-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება 3 სახეობა: კლდის მ. (R. biebersteinii), აღმოსავლური მ. (R. orientall) და მთის მ. (R. alpinum), რ-თაგან პირველი კავკასია-ანატოლიის სახეობაა, მეორე გავრცელებულია კავკასიაში, ანატოლიასა და ირანში, მესამე კი – ჩრდ. და შუა ევროპაში, კავკასიასა და ანატოლიაში. ჩვენში გავრცელებული სახეობები უეკლო ბუჩქებია, გვხვდება ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებზე. მ-ის მოყვანისათვის ოპტიმალური ზონაა ზ. დ. 700–1000 მ; მგრძნობიარეა სიცხის მიმართ, მისთვის კრიტიკულია 380C-ზე მეტი ტემპ-რა. მცენარე ივნისის მეორე ნახევრიდან ივლისის ბოლომდე მწიფდება. კარგად ხარობს მსუბუქ თიხნარ და ქვიშნარ, ტენიან ნიადაგებზე. ბუჩქი 12–15 წელს ცოცხლობს. მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მეორე წელს. მ. მრავლდება კალმითა და გადაწიდვნით. კულტურაში ცნობილია მ-ის მრავალი ჯიში, მ. შ. გვხვდება: შავი მ. (R. nigrum). წითელი მ. (R. rubrum) და თეთრი მ. (R. rubrum White Grpe). ოქროსფერ მ-ს იყენებენ როგორც დეკორ. ბუჩქს, აგრეთვე ტყესაცავ ზოლში და საძირედ ხურტკმელისა და მ-ის შტამბიანი ფორმის მისაღებად.
მ. საუკეთესო საკვები პროდუქტია. ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, მ. შ. ვიტამინებს (C, P და სხვ.) იყენებენ ნედლად, გამხმარს, გაყინულს; ამზადებენ მურაბას, წვენს, ღვინოს და სხვ. მ. სამკურნალო მცენარეა, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ათეროსკლეროზისა და დიაბეტის განვითარებას. მისი მშრალი ფოთლებისა და ტოტების ნახარში გამოიყენება დიათეზით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ.
ლ. ხინთიბიძე
ლ. გოგინავა