მოწამეთა, სოფელი იმერეთის რეგიონის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (კურსების ადმ. ერთეული). მდებარეობს იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. წყალწითელას (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, ზ. დ. 450 მ, ტყიბულიდან 33 კმ. ტერიტორიაზე მოიპოვება კირქვა.
სოფლის მიდამოებში მდებარეობს მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი (XI ს.,). თავდაპირველად აქ მცირე ზომის ეკლესია მდგარა, რ-შიც VIII ს. არაბთა მიერ ნაწამები არგვეთის მთავრების – დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი დაუსვენებიათ. X ს-ში ბაგრატ III-ს ეკლესია განუახლებია და უფრო მოზრდილი შენობა აუგია. თანამედროვე სახე მონასტერმა XIX ს-ში მიიღო.