მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ქუთაისის აღმ-ით 6–7 კმ-ში, მდ. წყალწითელას მარჯვ. ნაპირას, სოფ. Ⴋოწამეთას მახლობლად არსებულ კლდოვან კონცხზე. კონცხს მდინარე სამი მხრიდან უვლის და მონასტერი მნიშვნელოვნად გამაგრებულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებულია ღმრთისმშობლის ხარების გუმბათიანი ეკლესია (XI ს., გადაკეთებულია 1844–45), სამრეკლო (1846), ორი კოშკი, ბერთა საცხოვრებელი სახლი, XIX ს-ში აგებული კარიბჭე-კოშკი, მოგვიანო პერიოდის მცირე დარბაზული ეკლესია, საცხოვრებელი კელიები, გალავანი, კლდეში ნაკვეთი კელია, გამოქვაბული, დამხმარე ნაგებობები და სხვ.
მონასტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების – წმ. დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება. VIII ს-ში, მურვან ყრუს შემოსევისას, მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არაბებს, საბოლოოდ კი მოწამეობრივად აღესრულნენ. მათი ნეშტები დაუკრძალავთ არაბთა მიერ აოხრებული ციხე-ქალაქ წყალწითელას დანგრეული ეკლესიის აკლდამაში. XI ს-ში საქართველოს მეფემ, ბაგრატ IV-მ წმინდანთა ნეშტი ახლად აშენებულ (ან განახლებულ) ეკლესიაში გადაასვენა. გადმოცემით ეკლესია „მომცრო კამაროვანი და უგუმბათო“ იყო.
Ⴋოწამეთას მონასტრის მთავარი ნაგებობა ღმრთისმშობლის ხარების ეკლესიაა. XIX ს. შუა ხანებში მონასტერში მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა – იმერეთის ეპისკოპოსის, დავითის (წერეთელი) ხელმძღვანელობით 1844–45 ხარების მცირე დარბაზული ეკლესია ფაქტობრივად თავიდან აშენდა, 1865 კი მას გუმბათი დაადგეს. ღვთისმშობლის ხარების ტაძარი „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის გუმბათიანი ნაგებობაა. ათსარკმლიანი გუმბათი დას-ით ორ სწორკუთხა ბურჯს, აღმ-ით კი საკურთხევლის შვერილებს ეყრდნობა. ნახევარწრიული საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს აფსიდური პასტოფორიუმებია, რ-ებიც საკურთხეველს თაღოვანი კარებით უკავშირდებიან. ეს სათავსები დას-ით მაღალი თაღებითაა გახსნილი. ეკლესიის ორი კარი დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებშია გაჭრილი. ერთი კარი სადიაკვნეს სამხრეთ კედელშიცაა. მოწამეთას მონასტრის მთ. სიწმინდე – დავითისა და კონსტანტინეს წმ. ნაწილები, ეკლესიის ინტერიერში – გუმბათის გასწვრივ, სამხრ. კედელთანაა დასვენებული. ტაძრის კონქში შემორჩენილია XIV და XVI სს. კედლის მხატვრობა. 2009 მოწამეთის სამონასტრო კომპლექსში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.