მოხევეები, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ცხოვრობენ. საქართვ. ისტ.-ეთნოგრ. მხარეში – ხევში, კავკასიონის მთ. წყალგამყოფი ქედის ჩრდ-ით, მდ. თერგის ხეობის ზემო წელში. ლაპარაკობენ ქართული ენის მოხეურ დიალექტზე.
თერგის ხეობა ქართვ. მთიელებით – წანარებით იყო დასახლებული, რ-ებმაც VIII–IX სს-ში დიდი როლი შეასრულეს კახეთის სამთავროს წარმოქმნაში. წანარების დიდი ნაწილის კახეთში გადასახლების შემდეგ ისტ. წანარეთს სახელი შეეცვალა და ხევი ეწოდა. „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ გამოყენებულია ტერმინი „წანარეთისა ჴევსა“, საიდანაც დროთა განმავლობაში „წანარეთი“ დაიკარგა და მივიღეთ „ხევი“. შესაბამისად ხევში მცხოვრები ქართველი მთიელი „მოხევედ“ იწოდა.
მ-ის სამხრ-ით მთიულები და გუდამაყრელები ცხოვრობენ. ჩრდ-ით მ-ის კუთვნილი ტერიტ. დარიალის კართან მთავრდება, რამაც დიდი როლი შეასრულა მათ ყოფა-ცხოვრებაში. საქართვ. მთელი ისტორიის განმავლობაში მ-ის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ ნომადებისაგან ჩრდ. კარიბჭის დაცვა იყო. ამასთანავე ისინი მგზავრებს, ვაჭართა ქარავნებს, დიპლომატიურ მისიებსა და რუსეთის სამხ. ნაწილებს მეგზურობასაც უწევდნენ. ა. ყაზბეგი აღნიშნავდა: მ-მა „უნდა სხვა რომელიმე საშუალება გამონახონ თავის დასარჩენათ. სხვათა შორის, ერთი საშუალებათაგანი არის ქირაზედ სიარული ვლადკავკასსა და თბილისს შუა“.
1774 აღწერით ხევში 289 კომლი მკვიდრობდა, მაგრამ ჩანს, რომ მათი უმეტესი ნაწილი დიდ ოჯახებს წარმოადგენდა. კომლში ფაქტობრივად რამდენიმე ცოლშვილიანი ძმა იყო გაერთიანებული. 1831–32 აღწერით მ-ის სამეურნეო საქმიანობის ძირითადი ფორმა მემინდვრეობა იყო. ყველა სოფლის მკვიდრს მეურნეობის ფორმებად „მემინდვრეობა და მეცხვარეობა“ აქვთ მიწერილი. ამავე აღწერით ხევში 433 კომლი და 2690 სული ცხოვრობდა, 1860 – 606 კომლი და 4152 სული, 1886 სტატისტიკურ მონაცემებში კი ფიქსირებულია 783 კომლი და 5465 სული. 1860-იდან შეინიშნება მ-ის ინტენსიური მიგრაცია, თუმცა ისინი არა საქართველოს ბარში, არამედ ოსეთში (ვლადიკავკაზსა და მის ოკრუგში) მკვიდრდებოდნენ. 1886 მ-ის ასამდე ოჯახი (690 სული) ხევში იყო ჩაწერილი, მაგრამ რეალურად ისინი უკვე იქ აღარ ცხოვრობდნენ. მ-ის განსახლების არეალში 1831 წ. 21 სოფელი იყო, 1860 კი – 22. აქ „წვრილი სოფლები“ (იოანე ბაგრატიონი) ჭარბობდა. 1860 აღწერით მოხეური სოფელი საშუალოდ 28-კომლიანი იყო.
აღმ. საქართველოს მთიანეთის მეზობლებისაგან (ხევსურები, ფშავლები, მთიულები, გუდამაყრელები) განსხვავებით ხევის სოფლებში რამდენიმე გვარი ცხოვრობდა. მოხეური გვარები ძირითადად -ურ (-ულ) და -შვილი სუფიქსებს ირთავენ, თუმცა ადრე აქ -ძე სუფიქსიანი გვარსახელებიცაა დადასტურებული. ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი გვარია ღუდუშაური – ის პირველად 1439 „გერგეტის მატიანეშია“ დადასტურებული. დროთა განმავლობაში სნოში მცხოვრები ღუდუშაურების გვარს ათამდე გვარი გამოეყო (შიოლაშვილი, აქიაშვილი, ბულაშვილი, ფირანიშვილი, ვარძუკაშვილი და სხვ.) -ურ სუფიქსიანი მოხეური გვარებია: ხეთაგური, შადური, ყამარაული, საბაური, სულიაური, ჩქარეული, კურკუმული, ქოჯური და სხვ.. -შვილი სუფიქსიანი გვარებიდან შეიძლება დასახელდეს: გელაშვილი, გოდერძიშვილი, მარსაგიშვილი, ქერაშვილი, სამქანაშვილი, ჩოფიკაშვილი, ავსაჯანიშვილი (ადრე ავსაჯანიაური), ელოშვილი (ადრე ელოური), ჩოჩოშვილი (ადრე ჩოჩოური), კობიაშვილი (ადრე კობიაიძე), ფაჯიშვილი (ადრე ფაჯიაური), ოდიშვილი (ადრე ოდიაური), ბადაშვილი (ადრე ბადაისძე), დავითაშვილი (ადრე დავითაური), სუჯაშვილი, ქუქიშვილი (ადრე ქუქიაური) და ა. შ. ძე ფორმატიანი გვარებია: ხულელიძე, გელაძე, გუჯარაიძე და სხვ. 1774 ხევის სოფლებს შორისაა მოხსენიებული სოფ. მნა (მნის ხეობა), სადაც ცხოვრობდნენ გუდიაურები (შემდეგდროინდელი – გუდიაშვილები), ბაბეურები, ბადაძეები, ნოქარაულები, შუშღიაურები, ნასყიდაურები, არჯინაურები და სხვ. XVIII ს-ში მ-ს შორის მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელები იყო: ბერი, გიორგი, ივანე, გივი, დავით, ზაალ, იასე, მამაი, პაპა და ა. შ.
ყველა მოხეურ გვარს თავისი უფროსი – „გვარის უფროსი“ ჰყავდა. საღმრთო დღესასწაულებში მას ევალებოდა წმიდა სანთელის დანთება, მოხეური ჯვარ-ანგელოზების ხსენება, ლოცვა. მართალია, მოხევე მამაკაცებს სასმელი უყვარდათ, მაგრამ დათრობა სამარცხვინო იყო. მ. ერიდებოდნენ უწესობის, უსამართლობის ჩადენას, რადგან ასეთ კაცზე იცოდნენ ლექსის გამოთქმა, რ-ითაც მას მასხრად იგდებდნენ. ლექსები კი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ამიტომ „სალექსოდ გახდომისა“ ყველას ეშინოდა. მ-მა არ იცოდნენ ჩასაფრება, ტრადიცია იყო, რომ ადამიანისათვის წინასწარ შეეტყობინებინათ მოსალოდნელი შეხლა-შემოხლის შესახებ. მ. განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ ქალებს („ვერც ერთი მოხევისაგან ვერ გაიგონებთ უწმაწურს ლაპარაკს, თუ ის ახლო-მახლო სადმე დედაკაცსა ხედავს“, ა. ყაზბეგი), რ-ებიც თავის მხრივ პატიოსნებით გამოირჩეოდნენ: „პატიოსნება მოხევე ქალებისა მართლა გასაშტერებელია და ძნელად მოხდება, რომ უნამუსობით სახელი ვიმემ გაიფუჭოს, სალექსოდ გახდეს და ვირზედ შესმული მამის სახლს დააბრუნონ“ (ა. ყაზბეგი). ხევის 1818–1918 საეკლ. დავთრებიდან ირკვევა, რომ 1830-მდე მიცვალებულს კრძალავდნენ მეორე დღეს.
ცნობილია, რომ ქართველმა მთიელებმა იცოდნენ სამრისხველო და ძმობის სამანის ჩასმა. ეს ტრადიცია მ-საც გააჩნდათ, მაგრამ აქ, სხვებისგან განსხვავებით, სახელოვანი ადამიანებისთვის „სამწყალობნო სამანის“ ჩასმაც იცოდნენ (მაგ. სოფ. არშის მინდორში, წმ. მარიამის ხატთან ჩაისვა სამანი ფიდო სულიაურისათვის, რ-მაც ლეკებთან ბრძოლაში გამოიჩინა თავი). განსხვავება იყო რელიგიურ ინსტიტუტებშიც. გერგეტის სამება არა მხოლოდ მ-ის, არამედ მნის ხეობელთა და თრუსოელთა სალოცავიც იყო. მას ა. ყაზბეგი მოხევეების სიამაყეს უწოდებდა. იქვე იმართებოდა თემის ყრილობა. სამებას მიმართავდნენ გვალვის ან ხშირი წვიმის შემთხვევაშიც. მ-ის განსახლების არეალის საკომუნიკაციო და სტრატეგიულმა მნიშვნელობამ აღმ. საქართველოს სხვა მთიელებთან შედარებით განაპირობა მათი სოციალური დაწინაურება.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: თოფჩიშვილი რ., მოხეური გვარსახელები, თბ., 1998; მისივე, საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, თბ., 2017; ითონიშვილი ვ., მოხევეების ყოფა-ცხოვრება, თბ., 2015; მაკალათია ს., ხევი, ტფ., 1934; მასალები სნოს მოსახლეობის ისტორიისათვის (1732–1918), ნ. შიოლაშვილის გამოც., თბ., 2013.
რ. თოფჩიშვილი