მოხელე, თანამდებობის პირის ზოგადი სახელწოდება ფეოდალურ საქართველოში, სახელოს მფლობელი. აღმასრულებელი თანამდებობის პირად ითვლებოდა ხელისუფალი, ხელის მქონებელი, მოხელე, მოსაქმე, მოსამსახურე, საქმის მოქმედი, სამსახურის მოქმედი, გამგე, გამრიგე. მ-ს, რ-საც განკარგულებისა და ბრძანების გაცემა შეეძლო, ხელისუფალი და გამგებელი ერქვა, ბრძანების ამსრულებელ მ-ს კი – საქმის მოქმედი. მას „თვისთა უხუცესთა დასტურითა და შეკითხვით“ უნდა ეხელმძღვანელა. შედარებით დაბალი თანამდებობის პირების აღსანიშნავად გამოიყენებოდა აღმ. ტერმინები: „ყული“, „ყულუხჩი“, „ყორჩი“.
საქართვ. სამოხელეო წყობილება პირველად შეისწავლა ვახუშტი ბატონიშვილმა (1696–1757). ისტ.-გეოგრ. ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ განხილულია როგორც ძვ. დროის, ისე გაერთ. ფეოდ. საქართველოს სახელმწ. მ-თა უფლება-მოვალეობანი. მართალია, მკვლევართა შეფასებით (ივ. ჯავახიშვილი, ვ. გაბაშვილი), ბატონიშვილის ნაშრომი ზოგიერთი თანამდებობის შესახებ მცდარ ცნობებს შეიცავს, მაგრამ მასში სამოხელეო წესწყობილების დარგი შეძლებისდაგვარად სრულად არის გაშუქებული.
გვიან ფეოდ. საქართველოში სამეფო დარბაზის მაღალი რანგის მოხელეთა შორის იყვნენ: სახლთუხუცესი, მდივანბეგი, ეშიკაღასბაში, ვეზირი, მეითარი, ყულარაღასი, ყორჩიბაში.
XVIII ს. II ნახ-ში ქართლისა და კახეთის სამეფოს ცენტრ. აპარატში მრავალი მ. მსახურობდა.
ქართლის სამეფოში მოხელეობა ორ ჯგუფად იყოფოდა: დარბაზის რიგის მ. და საქვეყნოდ გამრიგე. „დასტურლამალის“ მიხედვით დარბაზის მ-ები, მეფის თანაგამგეები იყვნენ. მ-ებს, რ-ებიც საგანგებო დავალებით იგზავნებოდნენ, „კართ წარვლენილი მოხელენი“ ერქვათ. ისინი ფულადი და სულადობრივი გადასახადის ამკრეფები იყვნენ და იერარქიულად დარბაზის რიგის მოხელეებს ემორჩილებოდნენ.
ხშირად ერთი ხელისუფლის ხელში გაერთიანებული ყოფილა რამდენიმე სახელო. მაგ., სახლთუხუცესს ეკავა სარდლის ან ქალაქის მოურავის თანამდებობა. ცნობილია, რომ ერეკლე II-მ მუხრანბატონს სახლთუხუცესობასთან ერთად ქალაქის მოურავობა უბოძა, ხოლო გივი ამილახორი ეშიკაღასბაშობასთან ერთად ქალაქის მოურავიც იყო. ზოგიერთი სოფლის მოურავად ვეზირი, მდივანბეგი, მდივანი ან სარდალი იყო დანიშნული.
საქართვ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მ. არის სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარო (სახელმწიფო) სამსახურში საშტატო თანამდებობაზე კონკურსის შედეგად უვადოდ დანიშნული პირი (საჯარო მოსამსახურე).
მ. ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რის სანაცვლოდაც იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოც. და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მ-ის თანამდებობები, კარიერული საფეხურების მიხედვით, ნაწილდება ოთხ იერარქიულ რანგში: პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე, მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე; მესამე რანგი – უფრ. სპეციალისტის დონე; მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.
მ-ს არა აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნ., პედ., შემოქმედებითი ან საქართვ. თავდაცვის ძალების რეზერვში, ან საქართვ. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გარკვეული საქმიანობისა, აგრეთვე საერთაშ. პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად საზღვარგარეთ საერთაშ. ორგანიზაციაში საქმიანობისა.
ლიტ.: გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე,“ 1942, ტ. 13; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, I, ქართლის სახელმწიფოებრივი წყობილება გვიანფეოდალურ პერიოდში, თბ., 1952.
ი. უჯმაჯურიძე