მოხეური დიალექტი

მოხეური დიალექტი, ქართული ენის დიალექტი. გავრცელებულია საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში – ხევში, რ-იც მდებარეობს კავკასიონის ჩრდ. ფერდობზე, თერგის აუზში. აღმ-ით მას ხევსურეთი ესაზღვრება, სამხრ-ით – მთიულეთი, ჩრდ-ით – ჩრდ. ოსეთი, დას-ით – შიდა ქართლი. ხევში, გარდა მოხევეებისა, ცხოვრობენ ხევსურები (სოფ. ჯუთა და ართმო, სნოს ხეობა), ქისტები (სოფ. გველეთი), ოსები (სოფ. კობი, თრუსოს ხეობა). ტერმინი „მოხევე“ ძველთაგან გვხვდება: „მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოHევეთა...“ („ქართლის ცხოვრება“). მ. დ. აღმ. საქართველოს მთის კილოთა (ე.წ. ფხოვური) ჯგუფში შედის. მას ბევრი საზიარო აქვს ამ კილოებთან, მაგრამ მოხეური (მთიულურთან ერთად) მაინც ყველაზე ახლოს დგას სალიტ. ენასთან. ხევზე გადის საქართვ. სამხედრო გზა, ეს კი აადვილებს კავშირს საქართვ. ბართან. ამის გამო „მოხეურს ყველაზე უფრო ატყვია სხვა კილოებისა და სალიტერატურო ენის გავლენა“ (ა. შანიძე). ამიტომაც დაუკარგავს ძველად სავარაუდებელი ნიშანდობლივი ენობრივი ფორმები და შეუცვლია საერთო ლიტერატურულით, ამავე დროს დაუცავს ან შეუძენია არაერთი თავისებური ფონეტ.-გრამატ., განსაკუთრებით კი – ლექსიკური ფორმა. მ. დ-ში თაობათა შორის მეტყველებაში განსხვავება თვალსაჩინოა – ძვ. თაობაში შემორჩენილი არქაიზმები ახალი (სკოლაგამოვლილი) თაობის მეტყველებამ გამოდევნა (უარყო).

მოხეური მეტყველების თავისებურების ასახვა ლიტ-რაში პირველად სცადა ი. ჭავჭავაძემ „მგზავრის წერილებში“ სოფ. გაიბოტენის მკვიდრის, ლელთ ღუნიასთან საუბრისას. მ. დ-ის ლექსიკური და გრამატიკული თავისებურებები განსაკუთრებით ვლინდება ა. ყაზბეგის თხზულებებში.

ლიტ.: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961; ქავთარაძე ი., ქართული ენის მოხეური დიალექტი, თბ., 1985; მისივე, მოხეური კილო ყაზბეგის ენაში, „თსუ შრომები“, 1949 ტ. 35; ჯორბენაძე ბ., ქართული დიალექტოლოგია, I., თბ., 1989.

ი. ქავთარაძე