მოხირისის ბრძოლა 550

მოხირისის ბრძოლა 550, ბრძოლა ბიზანტიელ-ეგრისელებსა და ირანელებს შორის ეგრისის დიდი ომის დროს. 550 ზაფხულში ეგრისს შემოესია ირანის მრავალრიცხოვანი ჯარი ხურიანეს სარდლობით. მტერი მოხირისის ხეობაში, მდ. ცხენისწყლის ნაპირზე დაბანაკდა. ეგრისელებს მეთაურობდა გუბაზ II, ბიზანტიელებს – დაგისთე. მოკავშირეთა ბანაკში გაიმართა სამხ. თათბირი, რ-ზედაც ეგრისელთა რჩევით გადაწყდა მტერზე იერიშის მიტანა, ბრძოლის წინ გუბაზმა გამამხნევებელი სიტყვით მიმართა ლაზ მეომრებს. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა და საბოლოოდ მტრის სრული განადგურებით დამთავრდა.

წყარო: პროკოპი კესარიელი, ომი სპარსელებთან, წგ. გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.

ა. ბოგვერაძე