მოჯამაგირენი

მოჯამაგირენი, ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ მიწას, სახლ-კარს ან სხვა სახის საკუთრებას და სხვის მეურნეობაში ან ოჯახში შრომობენ გასამრჯელოს, საკვების ან საცხოვრებლის მიღების სანაცვლოდ.

მოჯამაგირეობა, როგორც სოც. და შრომითი ფენომენი, წარმოიშვა ჯერ კიდევ ადრეფეოდალურ ხანაში. ევროპასა და აზიაში ჩამოყალიბდა ისეთი სოც. ფენა, რ-იც მიწის არმქონე გლეხებისგან შედგებოდა და დამოკიდებული ხდებოდა მემამულეზე, მეფესა ან ეკლესიაზე. უქონელი გლეხები ცხოვრობდნენ სხვის მიწაზე ან პირდაპირ ემსახურებოდნენ მდიდარ ფენას როგორც შინამოსამსახურე, მწყემსი, მებაღე და სხვ. მოჯამაგირეობის ძირითადი ნიშნები იყო მიწის არქონა, ფიზ. შრომა, სხვისი ოჯახისთვის ან მეურნეობისთვის მსახურება, დაბალი და არასტაბილური ანაზღაურება.

დღევანდელ მსოფლიოში მოჯამაგირეობად ითვლება სოფლის მეურნეობაში მუშახელის სეზონურად დასაქმება, აგრეთვე უცხოელების არალეგალური დასაქმება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.

საქართველოში . სოციალური ფენის სახით ადრინდ. ფეოდალურ ხანაში (V–VIII სს.) ჩამოყალიბდა. ფეოდ. საქართველოში მიწა ეკუთვნოდა მეფეს, ეკლესიასა და დიდ ფეოდალებს (მთავრებს, აზნაურებს). ამ მიწებზე მცხოვრები გლეხები ფეოდალის ან შეძლებული გლეხის მეურნეობაში შრომობდნენ: ხნავდნენ, თესავდნენ, რთავდნენ, მწყემსავდნენ და ყოველივე ამას ხშირად საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრის, მიწის ნაწილისა და მცირე ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ აკეთებდნენ. მუშაობდა როგორც მამაკაცი, ისე ქალი და ბავშვიც. მოჯამაგირეს არ ჰქონდა სამოქალაქო უფლებები და ეკონ. სისტემის უკიდურესად მარგინალურ წევრს წარმოადგენდა. IX–XII სს-ში ეს სისტემა კიდევ უფრო განვითარდა. არსებობდნენ მეფის კარის მოჯამაგირეები – მსახურები, სამხ. და საეკლ. მოჯამაგირეები, თითოეული თავისი რანგითა და ანაზღაურების ტიპით.

1864, რუს. იმპერიის მმართველობის პერიოდში, საქართველოში გაუქმდა ბატონყმობა (ფეოდ. დამოკიდებულება გლეხსა და მემამულეს შორის). გლეხები პირადად გათავისუფლდნენ, მაგრამ მიწა, რ-საც ისინი ამუშავებდნენ, უმეტესად მემამულეებს დარჩათ, ამიტომ მრავალი გლეხი იძულებული გახდა, შეენარჩუნებინა ეკონ. დამოკიდებულება მემამულეებზე. ისინი ამჯერად როგორც თავისუფალი, მაგრამ უკიდურესად ღარიბი მუშახელი, კვლავ მოჯამაგირედ რჩებოდნენ მემამულის მიწებზე.

საბჭ. წლების დასაწყისში მოჯამაგირეობა ოფიციალურად გაუქმდა, კერძო საკუთრება და კერძო შრომითი ურთიერთობები აიკრძალა. თანამედროვე ეპოქაში ტრად. მოჯამაგირეობა გადაიქცა ფორმალურად „დაქირავებულ შრომად“. მოჯამაგირეობას ჩაენაცვლა მოსამსახურეთა ინ-ტი, რ-იც დამყარებულია სამართლებლივად რეგულირებულ ეკონომიკურ ურთიერთობაზე, რაც მათ მდგომარეობას მნიშვნელოვნად განასხვავებს ძვ. ტიპის მოჯამაგირეებისგან.

იხ. აგრეთვე სტ. გლეხობა.

მ. თოქმაზიშვილი