მოჰამად ქაზემი (1720/21, ქ. მერვი – გ. წ. უცნობია), XVIII ს. ირანელი ისტორიკოსი. მისი თხზ. „ნადერის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია“ („ალემარა-ი-ნადერი“) ნადირ-შაჰის შესახებ ძირითად და სანდო წყაროდ მიიჩნევა. მ. ქ. აღწერილი მოვლენების უშუალო თვითმხილველი და მონაწილეა. ისტ. პერსონაჟების, მ. შ. ნადირ-შაჰის დახასიათებისას, არ ერიდება ნაკლოვანებათა ჩვენებას, აკრიტიკებს მის საგადასახადო პოლიტიკას, რ-იც უსამართლოდ მიაჩნია, აგრეთვე ყველას მიმართ ეჭვიანობას, სისასტიკეს. მ. ქ-ის ნაშრომი სამი წიგნისაგან შედგება. დაწვრილებითაა განხილული ნადირ-შაჰის ლაშქრობა დაღესტანში (1741–42). საქართველოს ამბებს წიგნის ხუთი თავი ეთმობა. სეფიანთა სახელმწიფოს განადგურებასთან დაკავშირებით; განსხვავებულ ცნობებს გვაწვდის გურგინ ხანის (გიორგი XI) და ხოსრო მირზას (ქაიხოსრო I) ავღანელებთან ბრძოლაში დაღუპვის მიზეზთა შესახებ. „თაჰმურას მირზას“ (თეიმურაზ II) ისპაჰანის ტყვეობას, კახეთის ტახტის დაბრუნებას, ნადირის აღმოსავლურ ლაშქრობაში ქართველი დიდებულების მონაწილეობას; გივი ამილახვარის აჯანყებას ქართლში. ახალციხელ იუსუფ-ფაშას დამარცხებისათვის თეიმურაზისათვის ქართლის, ხოლო ერეკლესათვის – კახეთის ვალის (მეფის) ტიტულების ბოძებას (1744, ივლ.). დაწვრილებითაა აღწერილი თეიმურაზის ქალიშვილის, ქეთევან ბატონიშვილის და ნადირ-შაჰის ძმისწულის, ალი-ყული-ხანის [შემდგომში ირანის შაჰი – ადელ-შაჰი, (1747–48)] ქორწინება. მ. ქ-ის ცნობით, თაჰმურაზი თავიდან წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების, მაგრამ შემდეგ, ქვეყნის საკეთილდღეოდ, დათანხმებულა; მ. ქ-ის მიხედვით, თეიმურაზის კიდევ ერთი ქალიშვილი ნადირ-შაჰზე ყოფილა დაქორწინებული, რაც ქართულ წყაროებში არ გვხვდება.
წყარო: მოჰამად ქაზემის ცნობები საქართველოს შესახებ (სპარსულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო თ. ლეკვეიშვილმა), თბ., 2016.
ლიტ.: დემეტრაშვილი კ., ირანელ ცრუ უფლისწულთა ურთიერთობა საქართველოსთან პაპუნა ორბელიანის ცნობათა მიხედვით, „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“ 2017, № 10 ლეკვეიშვილი თ., მოჰამად ქაზემის ცნობა ქართული და ირანული სამეფო ოჯახების ურთიერთობის შესახებ, „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“ 2014, №8; მისივე, ირანელი ისტორიკოსის მოჰამმად ქაზემის ცნობა XVIII საუკუნის საქართველოს შესახებ, კრ. ისტორიულ-ეთნოლოგიური შტუდიები, თბ., 2006; ლომიძე დ., ყიზილბაშობა 1735–1749 წლების აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 2007.
გ. ჩინჩალაძე