მოჰამედ ალ-ხაზინი (1692–1766), ირანელი ისტორიკოსი. მისი თხზ. „შეიხ ხაზინის ცხოვრების ისტორია“, („თაზქირათ ალ-აჰვალე შეიხ ხაზინ ქე ხოდ ნევეშთე ასთ“) დაწერილია 1740 ახლო ხანებში. ავტორი პირადად ესწრებოდა ნადირ-შაჰის გამეფების ცერემონიას მუღანის ველზე, რასაც დაწვრილებით აღწერს თავის თხზულებაში. ნაწარმოები მემუარული ხასიათისაა. ავტორი, როგორც მაშინდელი ამბების მხილველი და მონაწილე, გვაწვდის ამ ეპოქის წარჩინებული ადამიანების დახასიათებას. იქვე დაწვრილებითაა აღწერილი ნადირ-შაჰის მიერ ოსმალების განდევნა საქართველოდან.
ლიტ.: კაციტაძე დ., ირანის ისტორია III–XVIII სს., თბ., 2001; კუცია კ., ნადირ-შაჰი და საქართველო, „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“, 2002, [ტ.] 3,; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ, 1973.
დ. კაციტაძე