მოჰამედ იუსუფი

მოჰამედ იუსუფი, მოჰამედ იუსუფ ყაზვინი, XVII ს. სპარსელი ისტორიკოსი. ძმის, მოჰამედ თაჰერის დახმარებით მიიღო შაჰის კორესპონდენციების შემდგენლის თანამდებობა. უფრო მოგვიანებით იგი დაინიშნა „დიდებული თოფხანეს სარქარის ვეზირად“. 1648 იგი თან ახლდა შაჰ აბას II-ს ყანდაარის აღების დროს. მ. ი. ავტორია მსოფლიო ისტორიის ტიპის ვრცელი ნაშრომისა „სამოთხე“ („ხულდ-ე ბარინ“), რ-იც შედგება რვა ტომისაგან. თხრობა სრულდება 1667/68 წლის ამბებით, როგორც ჩანს, თხზულება იმავე დროსაა დაწერილი. სრული სახით გამოცემული არაა. 1939 სპარსელმა ისტორიკოსმა სუჰეილ ხანსარიმ ისქანდერ მუნშის თხზულებასთან („აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება“) ერთად გამოაქვეყნა. მ. ი-ის თხზულების VIII ტომის VI ნაწილი მოიცავს შაჰ სეფი I-ის მეფობის ბოლო წლების (1634–42) ამბებს, აგრეთვე ცნობებს საქართველოსა და ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ, კერძოდ, როსტომ ქართლის ვალისა და ლევან დადიანის დამოყვრებას; თეიმურაზ I-ის ბრძოლას ამ პოლიტ. ქორწინების წინააღმდეგ და მის მარცხს; თეიმურაზის ქალიშვილის გაგზავნას შაჰის კარზე და სამაგიერო წყალობად მისთვის კახეთის დაბრუნებას; იმერეთის მეფის, გიორგის სიკვდილს; ცნობებს იმამყული-ხანის, მისი ვაჟის სეფიყული-ხანის, დაუდ-ხანის, როსტომ-ხანის (როსტომ-ვალის) შესახებ.

წყარო: ისქანდერ მუნში, აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება, ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსულ ტექსტს გამოკვლევა, ქართული თარგმანი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ნ. გელაშვილმა, თბ., 1981.

ლიტ.: Стори Ч. А., Персидская литература, Био-библиографический обзор, I, М., 1972.

დ. კაციტაძე