მჟავანაძე შალვა ალექსანდრეს ძე

მჟავანაძე შალვა ალექსანდრეს ძე (23. IX. 1905, სოფ. როხი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 22. VIII. 1975), თეატრის მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. დამს. არტისტი (1967). ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1926) სწავლობდა პროლეტკულტის დრამ. სტუდიაში. მუშაობდა ჭიათურის (1927–28), მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1928–30 და 1932–33), დუშეთის სახალხო (1930–32, დირექტორი და რეჟისორი), ხობის (1936–38, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), ველისციხის (1945/46, მთ. რეჟისორი), ზესტაფონის (1948–49, დირექტორი და მთ. რეჟისორი), ცხინვალის (1949–50, მთ. რეჟისორი) თეატრებში. დადგა შემდეგი სპექტაკლები: ა. ცაგარლის „ხანუმა’“, პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, შ. თაქთაქიშვილის „ხალხის რჩეული“, ა. წერეთლის „პატარა კახი“, გ. აბაშიძის „ბედნიერება“ და სხვ. შესრულებული როლები: კაკული (ა. აწყურელის „ორი მშიერი“), ბიჭი (ვ. რუაძის „არსენა“), ებრაელი (ა. ცაგარლის „ოინბაზი“), როსტომი (შ. დადიანის „საშინელი შურისძიება“), გლეხი (ე. ნინოშვილის „ჯანყი გურიაში“), მცველი (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“) და სხვ.