მჟაველა (Oxalis), მცენარეთა გვარი მჟაველასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახი, ზოგჯერ ბუჩქბალახია. აქვს სამყურა ან თათისებრი რთული ფოთოლი, კოლოფისებრი ნაყოფი. 500-ზე მეტი სახეობა უმეტესად გავრცელებულია სამხრ. აფრიკაში, სამხრ. ამერიკასა და მექსიკაში. საქართველოში გვხვდება 5 სახეობა. ტენიან წიწვოვან ტყეებში ხარობს ჩვეულებრივი მ. (O. acetosella), რ-იც 5–12 სმ სიმაღლის პატარა უღერო ბალახია. ღამით და მოღრუბლულ ამინდში მისი ფოთლის ფოთოლაკები იკეცება. ფოთოლი შეიცავს C ვიტამინსა და მჟაუნმჟავას. ზოგიერთი აფრიკული და ამერიკული სახეობა საჭმელი ბოლქვების გამო კულტივირებულია ევროპაში, მრავალი მათგანი დეკორატიულია.