მრავალძალი, XI ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მრავალძალის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია. მდებარეობს რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფ. მრავალძალის (ყოფ. მთისკალთა) მიდამოებში. 1894 გადააკეთეს გუმბათოვან ნაგებობად და დას. მხრიდან მიაშენეს სამრეკლო. ამ დროს განადგურდა ძვ. ეკლესიის დიდი ნაწილი. გადარჩა მხოლოდ ჩუქურთმით, რელიეფებითა და ლაპიდარული წარწერებით მდიდრულად შემკული აღმ. ფასადი, საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი კონქითა და მაღალი ღრმა ნიშებით, აგრეთვე შესანიშნავი ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები. ძვ. ეკლესიის მრავალი მოჩუქურთმებული ქვა ახლად აშენებულ ტაძარში აქა-იქ უსისტემოდ იყო ჩატანებული. მ-ის წმ. გიორგის ეკლესიაში მრავალი ძვირფასი შემოწირულობა ინახებოდა, მ. შ. ჯალალედინის მუზარადი, რ-იც ქუცნა ამირეჯიბს, როგორც მისი საგვარეულო საკუთრება XV ს. დასაწყისში შეუწირავს ეკლესიისათვის. გადმოცემით, ეს მუზარადი მის საგვარეულოს რუსუდან მეფის ლაშქრის მიერ სულთანის დამარცხების შემდეგ ნადავლად რგებია. აქვე ინახებოდა შაჰ-აბას I-ის მიერ შემოწირული ხმალი, რ-იც 46 დიდ-პატარა ძვირფასი თვლით იყო შემკული, ტარი კი – ბაჯაღლო ოქროთი შეჭედილი. ეს ნივთები გასული საუკუნის 20-იან წლებში აღწერა ისტორიკოსმა გ. ბოჭორიძემ და საქართვ. სახელმწ. მუზეუმს გადასცა. 1991 რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ მ. ძლიერ დააზიანა. 2005–07 საქართვ. ისტ. ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ლიტ.: ბოჭორიძე გ., რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994; სხირტლაძე ზ., მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია, „ძეგლის მეგობარი“, 1982, №60.