მრავალძარღვა (Plantago), მცენარეთა გვარი მრავალძარღვას-ებრთა ოჯახისა. არის ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახი, ზოგჯერ – ბუჩქბალახი. გვარი მოიცავს 250-მდე სახეობას. გავრცელებულია დედამიწის ზომიერ სარტყელში. საქართველოში 11 სახეობა გვხვდება. იზრდებიან მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მშრალ და ბალახოვან ფერდობებზე, გზის პირებსა და დანაგვიანებულ ადგილებზე, მდელოებსა და ღორღიანებზე. P. major, P. media და P. lanceolata ფართოდ გავრცელებული სახეობებია. მ-ს თესლი შეიცავს ლორწოს და გლიკოზიდ აუკუბინს, ფოთოლი – კაროტინს, C ვიტამინს და ფიტონციდებს.
მ. უძველესი სამკურნალო მცენარეა, ფოთოლს იყენებენ ჭრილობისა და წყლულის მოსაშუშებლად, ნაყენს – ამოსახველებელ საშუალებად, წვენს – გასტრიტისა და ენტერიტის სამკურნალოდ.