მრავალწლოვანი მცენარეები, ბალახოვანი მცენარეები ან ბუჩქბალახები, რ-ებიც ცოცხლობენ 2, ზოგიერთი რამდენიმე, ზოგი კი 20–30 და 100 წელს. მ. მ-ს უმეტესობა ყვავილობს და ნაყოფმსხმოიარობს ყოველ წელს (პოლიკარპული მცენარეები), ნაწილი ფოთლებს მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს (მარადმწვანე მცენარეები), უმეტესობის მიწისზედა ორგანოები კი არახელსაყრელ პირობებში კვდება და სიცოცხლისუნარიანობას მხოლოდ მიწისქვეშა ნაწილები (ფესურა, გორგლი, ბოლქვი, ფესვი) ინარჩუნებს. მიწისზედა ორგანოები შესაძლოა ნაწილობრივ გადარჩეს განახლების კვირტებით (როზეტი, მხოხავი ყლორტი და სხვ.). ზოგ შემთხვევაში მცენარეთა დაყოფა ერთ-, ორ- და მრავალწლოვანებად პირობითია, მაგ., ტროპ. მცენარე აბუსალათინი (Ricinus communis) ზომიერი ჰავის პირობებში ერთწლოვანია, დაბლობების ერთწლოვანი თივაქასრა (Poa annua) კი მთამაღალის პირობებში – მრავალწლოვანი. იშვიათად მ. მ-ს ხეებსა და ბუჩქებსაც აკუთვნებენ.