მრავალწყლის გორასამარხები, ძვ. წ. II ათასწლ. პირველი ნახევრის არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფ. უდაბნოდან (საგარეჯოს მუნიციპ.) 8 კმ. მოშორებით, მდ. მრავალწყლის ხეობაში, რუსთავისკენ მიმავალ გზაზე. 1984 ძეგლს მიაკვლია და შეისწავლა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). გამოვლინდა თორმეტი გორასამარხი. გაითხარა ერთი (№ 12) ქვამიწაყრილიანი გორასამარხი (დიამ. 12 მ, ყრილის სიმაღლე – 70 სმ. სამარხი ორმო – 3 მ X 2 მ, სიღრმე – 3,3 მ). სამარხი ორმო დაფიქსირდა სამარხის ყრილის ქვეშ, ცენტრ. ნაწილში. სამარხის ჩრდ. ნაწილში აღმოჩნდა თავით ჩრდ-ისკენ მარჯვ. გვერდზე დასვენებული, კიდურებმოხრილი მიცვალებულის ძლიერ დაზიანებული ჩონჩხი. თავთან გამოვლინდა ცხვრის მთლიანი ჩონჩხი, ზედა და ქვედა კიდურებთან კი – მსხვილფეხა საქონლის ძვლები, ბრინჯაოს რაპირა, დანა და ოქროს ნივთები: ფირფიტები, მილაკები, სფერული მძივები; ცვრით, სარდიონით და მთის ბროლით შემკული საკინძეები, ასევე ვერცხლის საკინძეები ვერცხლისა და ოქროს თავით, ობსიდიანის ფუძეამოღარული ოთხი ისრისპირი, ბრინჯაოს საკიდები. სამარხის სამხრ. კედელთან გამოვლინდა სამი ორნამენტირებული შავპრიალა დერგი და მოწითალო ქვის ჯამი.
მასალა ინახება საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმსა და სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 3 თბ., 2019.
რ. რუსიშვილი