მრავალხმიანობა, მუსიკის ჰარმონიული წყობა, რომელიც ეფუძნება რამდენიმე დამოუკიდებელი ხმის შეხამებას. მუსიკის მკვლევართა მიერ ჯეროვნად არის შესწავლილი ქართ. ტრად. მ-ის განვითარების საფეხურები უმარტივესი ორხმიანობიდან მაღალგანვი-თარებულ ფორმებამდე; ჩატარებულია მ-ის ფორმათა სისტემური კვლევა და კვლევის შედეგების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია. ქართ. ხალხ. სიმღერა ერთ-, ორ-, სამ და ოთხხმიანია. სიმღერის ერთხმიანობას განაპირობებს მისი ფუნქცია ყოფაში. ზოგი ერთხმიანი სიმღერა საკრავის თანხლებით სრულდება. გამოვლენილია ორხმიანობიდან სამ- და ოთხხმიანობაში გადასვლის გზები. მ-ის ძირითადი ფორმებია: ბურდონული, კომპლექსური, კონტრასტული და ოსტინატური. საერთო-ქართველურ მუს. ფუძეენაში (უძველესი მელოდიურ-ინტონაციური ფენა) მუს. აზრის დამაბოლოებელი ბგერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ამ ფუძე-ჰანგის საყრდენია, ღერძია, რ-ის მიმართ ყალიბდება ბგერათა ურთიერთმიმართების გარკვეული კანონზომიერებანი. იგი დასაბამს აძლევს მ-ის ბურდონულ ფორმას (ჰანგის დამაბოლოებელი რიტმულად მყარი საყრდენი ბგერის გააზრება ბანის სახით). ბურდონული მ-ის ერთ-ერთი სახეობაა რეჩიტატიული ბურდონი (მრავალხმიანი სიმღერის ბანში სხვა ხმებთან სინქრონულად საერთო სიტყვიერი ტექსტის შესრულება). მ-ის კომპლექსური ფორმის, სინქრონული ხმათასვლის ჩამოყალიბება მუს. ფუძეენის არსებობის ხანას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, ქართ. მ-ის სიძველეზე მეტყველებს. კომპლექსურ მ-ში სამხმიანობის გაჩენა უკავშირდება წმინდა კვინტების დაშენებას ორხმიანობის ქვედა ხმის (ბანის) თითოეულ ბგერაზე. მ-ის ამ ფორმის განვითარების შემდგომ საფეხურებზე თითოეული ხმა დამოუკიდებლობას იძენს. წინ წამოწეულია არა ხმათა ვერტიკალი, არამედ ყოველი ხმის მელოდიური ხაზი. კონტრასტული ფორმა გულისხმობს სიმღერის ხმებს შორის (მ. შ. ბანის) დაპირისპირებას ერთმანეთისაგან განსხვავებული მელოდიური ნახაზებით (ხშირად ცალკეული ხმების შესატყვისი განსხვავებული სიტყვიერი ტექსტით). ამავე დროს ხმებს შორის არსებობს კილო-ფუნქციური კავშირი, რაც საბოლოოდ ხმათა ურთიერთშერწყმით მთავრდება. მ-ის ოსტინატური ფორმა ხასიათდება სხვადასხვა ხმაში მოკლე საქცევების მრავალჯერადი გამეორებით. არსებობს აგრეთვე სინთეზური მ. მასში მ-ის რამდენიმე ფორმაა შეერთებული.
ისტ. წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის სიმღერის ხმათა სახელების შესახებ. ხალხურმა ყოფამ მრავალი სახელწოდება შემოგვინახა: თქმა, დამწყები, მოძახილი, ბანი, დაბალი ბანი, მაღალი ბანი, დაბალი მელექსე, მაღალი მელექსე, შემხმობარი, კრიმანჭული (კრინით შესრულებული ხმა), გამყივანი, მიმყოლი, გამომრთველი, შემქცევი და ა. შ. ყოველი სახელი გარკვეული ფუნქციის მატარებელია. მ-ის განვითარების დონით მთა ჩამორჩებოდა ბარს, თუმცა ხალხ. მუსიკის შინაგანი, რეგიონალური განვითარების პროცესი მთაში მუდმივად მიმდინარეობდა. მთიელთა ხმიერი და საკრავიერი მუსიკა განიხილება, კულტურული კომპლექსის ნაწილად და ორგანულად უკავშირდება ბარის მუს. კულტურას. აღმ. და დას. საქართვ. ბარი მაღალგანვითარებული მრავალხმიანი სიმღერების სამყაროა, სადაც სამი და ოთხხმიანი (აჭარა, გურია) ნიმუშები რთული პოლიფონიური კომპლექსებით გამოირჩევა. მდიდარი პოლიფონიური ბუნებით ხასიათდება ქართლური და კახური „ჩაკრულო“, „ჩონგურო“, „სუფრული“, „ზამთარი“, „გრძელი მრავალჟამიერი“, „გრძელი კახური“ და სხვ.; დასავლეთქართული – „ალიფაშა“, „ხელხვავი“, „ჰასანბეგურა“, „ნადური“, „ინდი-მინდი“, „მაყრული“ და სხვ. გამომსახველობის თავისებური ინდივიდ. ხერხებით, ხმათა ფართო დიაპაზონითა და ურთიერთშერწყმით, უაღრესად განვითარებული, მრავალფეროვანი ბანით, მოდულაციების უამრავი ვარიანტით, კადანსთა ნაირსახეობით, მ. შ. ორმაგი კადენციებით, იქმნება ის საოცარი და განუმეორებელი სიმფონია, რ-საც ქართ. ხალხ. სიმღერა ეწოდება და რ-იც მსოფლიო კულტურის შედევრად არის აღიარებული. რამდენადაც ქართ. მუს. ენა მრავალხმიანია, ასევე მრავალხმიანია უძველესი ქართ. ეროვნ. საგალობლებიც. პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნის“ კომენტარებში იოანე პეტრიწი წერს: „სამუსიკელოჲ რაი რამეთუ ყოვლითურთ სამოსოჲ არს ჩუენი ესე სამოყუსოჲ მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფრთონგთა, ვიტყჳ სამთა დაბამვათა, რომელთა მიერ შეინაწევრების ყოველი შეყოვლებული: მზახრ, ჟირ და ბამ, რქმულნი და რანივე მრთველობანი ძალთა და ხმათანი...“. იოანე პეტრიწის ეს და სხვა მსგავსი გამონათქვამები მკვლევართა მიერ სხვადასხვაგვარად არის ინტერპრეტირებული. გასაზიარებელია თვალსაზრისი, რ-ის მიხედვით სამების სამგვამოვნებისა და ერთარსების დასამტკიცებლად პეტრიწს ქართ. მუსიკის სამხმიანობა აქვს გამოყენებული, რ-ის შემადგენელიც „მზახრ, ჟირ და ბამ-ა“.
ქართ. მ., იგივე პოლიფონია ეროვნ. მენტალიტეტისა და იდენტობის გამომხატველია. იგი UNESCO-ს მიერ აღიარებულია მსოფლიო პოლიფონიის შედევრად, არამატერიალური კულტ. მემკვიდრეობის საკაცობრიო ძეგლად. 1977 „ჩაკრულო“ NASA-ს მიერ გაიგზავნა კოსმოსში.
ლიტ.: არაყიშვილი დ., ქართული მუსიკა, თბ., 1925; ასლანიშვილი შ., ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ, ტ. 1, თბ., 1954; გაბისონია თ., ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ფორმები, თბ., 2009; გარაყანიძე ე., რჩეული ნაწერები, თბ., 2007; ჟღენტი ვ., ნარკვევები ქართული ხალხური და ძველი პროფესიული მუსიკის შესახებ, ისტორიის და თეორიის საკითხები, თბ., 2017; მაისურაძე ნ., ქართული ტრადიციული მუსიკა და ეროვნული ცნობიერება, ქართული და ჩრდილოკავკასიური მუსიკალური ენების ურთიერთმიმართება და მათი ერთობის პრობლემა, თბ., 2015; ფირცხალავა ნ., იოანე პეტრიწი და ქართული მუსიკალურ-ესთეტიკური აზროვნება, თბ., 2022; ჩხიკვაძე გრ., ქართული ხალხური მუსიკა, თბ., 1965; Жордания И., Грузинское традиционное многоголосие в международном контексте многоголосных культур, Тб., 1989; Чхиквадзе Гр., Основные типы грузинского многоголосия, М., 1964; Zemtsovsky I.I. polyphony as a way of creating and thinking: The musikal identity of homo polyphonicus // The First International Sumposium of Traditional Polyphony. Tbilisi state Conservatoire, 2003.
ნ. მაისურაძე