მრგვალი წამალი

მრგვალი წამალი

მრგვალი წამალი (Gymnospermium smirnowii), მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახოვანი მცენარე, მიეკუთვნება კოწახურისებრთა (Berberidaceae) ბოტანიკურ ოჯახს. მ. წ. მწვანეა ან ლეგა ფერის. ფესვთანური ფოთლები სამმაგად რთულია, ცალკეული ფოთოლაკები გრძელყუნწიანია და 4–5 ელიფსურ სეგმენტადაა თათისებურად დაყოფილი. ფოთლები ყვავილობისას ამოდის, ქვედა ფოთოლი ღეროზეა შემოხვეული. ყვავილედს აქვს მცირე ზომის ყვითელი ყვავილი. ყვავის თებერვალ-აპრილში. მცენარე საქართველოს ენდემია, გავრცელებულია კახეთში, გვხვდება ზ. დ. 350–1450 სიმაღლეზე. მისი გავრცელების კლასიკური ადგილია ლაგოდეხის ნაკრძალი, ნინოსხევის, ლაგოდეხის ხევისა და სალესავისხევის ხეობები, ასევე გვხვდება მდ. ალაზნის ჭალის ტყეებში. საკმაოდ იშვიათი მცენარეა. პირველად აღწერილია 1881 ლაგოდეხში.

ლიტ.: საქართველოს ფლორა, ტ. 2, თბ., 1973; სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018.