მრევლიშვილი ალექსანდრე (სანდრო) მიხეილის ძე

ა. მ. მრევლიშვილი 

მრევლიშვილი ალექსანდრე (სანდრო) მიხეილის ძე (10. II. 1941, თბილისი, – 24. VI. 2019, იქვე), თეატრის რეჟისორი, პედაგოგი. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1979), საქართვ. სახ. არტისტი (1988), სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2000). თეატრისა და კინოს უნ-ტის პროფესორი (1966-იდან გარდაცვალებამდე). 1958 ჩაირიცხა თბილისის თეატრ. ინ-ტში. 1959, გ. ტოვსტონოგოვის რჩევით, სწავლა განაგრძო ლენინგრადის ა. ოსტროვსკის სახ. თეატრ. ინ-ტში (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგის თეატრ. აკადემია). 1996–2006 ე. თაყაიშვილის სახ. კულტურისა და ხელოვნების უნ-ტში. ხელმძღვანელობდა თეატრ. სახელოსნოს. იყო სოხუმის (1963–66), მარჯანიშვილის (1966–73) თეატრების დამდგმელი რეჟისორი. 1974 დააარსა სახელმწ. ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრი“, რ-იც 1995-იდან გადაკეთდა თეატრ „ძველ სახლად“. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი თეატრი პოსტსაბჭოთა საქართველოში. 2004 მ-ის ინიციატივითა და პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, რ-საც ხელმძღვანელობდა 2007-მდე. 2014 დააარსა თეატრი „რუსთაველის 19“ და გარდაცვალებამდე იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი. 2021 თეატრს მისი სახელი მიენიჭა. დადგმული სპექტაკლები: რუსთაველის თეატრში – ფ. მარსოს „კვერცხი“; სოხუმის თეატრში – ი. ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, ი. პაშეკის „გულადი ჯარისკაცი შვეიკი“, „ოთარაანთ ქვრივი“ (ი. ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით) და სხვ.; მარჯანიშვილის თეატრში – მ. მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, ნ. დუმბაძის „ნუ გეშინია, დედა!“ და სხვ.; მეტეხის თეატრში – უ. შექსპირის „ჰამლეტი“, ვ. მაიაკოვსკის „ბაღლინჯო“, დ. კლდიაშვილის „უბედურება“, ა. ჩხიკვიშვილის „მოსაწყენი დღეების ქრონიკა“, ე. ნინოშვილის „პარტახი“ და სხვ.; თეატრ „ძველ სახლში“ – „მარტორქები ორკესტრში“ (ფ. ფელინისა და ე. იონესკოს მიხედვით; სახელმწ. პრემია), მ. ბულგაკოვის „მორფიუმი“, ა. ჟარის „მამა უბუ“ და სხვ.; თეატრ „გლობუსში“ – -ის „თეატრის მოტაცება“, ჯ. ბოკაჩოს „დეკამერონი“ და სხვ. უცხოეთის სხვადასხვა თეატრში დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: „სტუმარ-მასპინძელი“ (ვაჟა-ფშაველას მიხედვით; კრაკოვის თეატრი), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (თეატრი „ნა ტორგუვკუ“, ვარშავა); ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (ლესია უკრაინკას თეატრი, კიევი), „არგონავტები“ (სტამბოლის მუნიციპალური თეატრი) და სხვ. არის პიესების: „მოდი, ვნახოთ ვენახი“, „განკითხვის დღე“, „ლადო კეცხოველი“, „კოლაელ ყრმათა წამება“, „სკამი“ და სხვ., აგრეთვე სახელმძღვანელოების: „მსახიობის ოსტატობა“, „ტოვსტონოგოვის სარეჟისორო გაკვეთილები“ ავტორი. მიღებული აქვს კ. მარჯანიშვილის (1996), გ. ერისთავის (2016) პრემიები და ღირსების ორდენი (1994).