მრევლიშვილი ანდრია გიორგის ძე (1823, სოფ. იყალთო, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 5. IX. 1889, ქუთაისი), პედაგოგი, ფოლკლორისტი.
1843 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია. იმავე წლიდან ასწავლიდა თელავის სას. სასწავლებელში, შემდეგ – თბილისის სამრევლო სკოლაში, 1844–50 – დუშეთის სამაზრო სასწავლებელში. 1850–54 მ. კავკასიის სასწ. ოლქის მმართველობამ გაგზავნა ახალციხის სამაზრო სასწავლებელში მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად, 1854 კი რაჭაში მიავლინეს, სადაც პირველდაწყებითი სასწავლებლის გახსნა დაავალეს, 1856 ამ სკოლის ზედამხედველის თანამდებობაზე დაამტკიცეს.
1857 მ. ქუთაისის ორწლიანი პირველდაწყებითი სასწავლებლის ზედამხედველად და რუს. ენისა და მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა. „მრევლოვის კლასი“ ქუთაისის გუბერნიის ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებული სასწავლებელი გახდა. დ. კლდიაშვილი თავის მემუარებში წერს: „როცა ერთრიგად მოვმაგრდი სწავლაში, მამაჩემმა მიმაბარა მრევლოვის სასწავლებელში... თვით სასწავლებლის გამგე, ანდრეი ივანოვიჩ მრევლოვი, მშვენიერი, ტკბილი, ბავშვების მოკეთე ადამიანი იყო, ჩვენც ძლიერ გვიყვარდა“. მ-მა სწორად აუღო ალღო XIX ს. 60–70-იან წლებში არსებულ პოლიტ. ვითარებას და მოქნილი პოლიტიკით სკოლაში გააუმჯობესა როგორც ქართ. ენის, ისე ტექ. საგნების, ფიზკულტ. და მუს. სწავლებაც.
მ-მა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქართ. სიმღერა-საგალობლებს, რ-ებიც თანდათან მივიწყებას ეძლეოდა და დაიწყო მათი ნოტებზე გადატანა. 1878, 1884 და 1886 საქართველოში გამომავალი ჟურნ.-გაზეთებიდან ირკვევა, რომ მ-მა აღადგინა, დახვეწა და ნოტებზე გადაიღო მრავალი სიმღერა-გალობა, რ-თა გამოცემაც უსახსრობისა და ტექ. სიძნელის გამო ვერ განახორციელა. სამწუხაროდ, ამ ნაშრომის ბედი გაურკვეველია.
ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 2, თბ., 1955.
თ. ალიბეგაშვილი