მრევლიშვილი თინათინ ნიკოლოზის ასული

მრევლიშვილი თინათინ ნიკოლოზის ასული (1908, კიევი, უკრაინა, – 1993, თბილისი), რუსისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე. 1930 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1931 მუშაობა დაიწყო იქვე ფონეტიკის ლაბორატორიაში გ. ახვლედიანის ასისტენტად, 1934-იდან კითხულობდა ლექციებს რუს. ენაში. 1948 რუს. ფილოლ. განყ-ბაზე დააარსა ახალი – რუსული ენის №2 კათედრა, რ-ის გამგეც იყო 40 წლის განმავლობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით იენის უნ-ტის (გერმანია) ეგიდით გამოიცა ქართვ. და გერმ. სპეციალისტთა ნაშრომების რამდენიმე ერთობლივი კრებული, ჩატარდა კონფერენციები თბილისსა და იენაში. მასვე ეკუთვნის სამეცნ. ნაშრომები სიტყვათწარმოების, მწერლის ენის, ტექსტის ლინგვისტიკის, რუსული ენის სინტაქსისა და რუსულის (როგორც უცხ. ენის) სწავლების საკვანძო საკითხებზე. მისი მონოგრაფია „რთული ქვეწყობილი წინადადების სახეები ნ. ვ. გოგოლის ენაში“ გამოიცა რუს. ენაზე (1960).

თხზ.: საქმიანი ქაღალდების შედგენა რუსულ ენაზე, თბ., 1981; Вопрос о нерасчлененных сложноподчиненных предложениях в русской лингвистической литературе, Тб., 1985.

ლიტ.: ნაცარაშვილი ო., კახეთის გამოჩენილი ადამიანები, თბ., 2001.