მრევლიშვილი მალიკო ნიკოლოზის ასული (13. I. 1900, სოფ. იყალთო, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 3. I. 1984, თბილისი), თეატრის მსახიობი, მეცნიერი. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1960). 1924 დაამთავრა ა. ფაღავას დრამ. სტუდია და იმავე წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში მსახიობად. 1928-იდან გადავიდა კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაის-ბათუმის თეატრში. ამ პერიოდში შეასრულა შემდეგი როლები: მარო (შ. დადიანის „კაკალ გულში“), გულთამზე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), გამომძიებელი (ა. აფინოგენოვის „შიში“), ოფელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვ. 1933-იდან მოღვაწეობდა სასცენო მეტყველების პედაგოგად რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1949 მისი ინიციატივით თეატრ. ინ-ტში დაარსდა სასცენო მეტყველების კათედრა, რასაც თავადვე ხელმძღვანელობდა (1960-იდან – პროფესორი).
მ-ს გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელოები: „ქართული სასცენო მეტყველების ფონეტიკური საფუძვლები“, „მხატვრული კითხვის ხელოვნება“, „მხატვრული კითხვის მასალების კრებული“ და სხვა სამეცნ. ნაშრომები. თარგმნა ძმები ტურებისა და ლ. შეინინის პიესა „ლუტონინების ოჯახი“. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994.