მრუშობა

მრუშობა, დაქორწინებული პირის სქესობრივი კავშირი სხვა პირთან – მეუღლის ღალატი.

ივ. ჯავახიშვილის კვლევის მიხედვით, მონოგამია ქრისტიანობამ ადამიანთა სავალდებულო ზნეობრივ და საღმრთო კანონად აღიარა, ამიტომ ცოლის ან ქმრის ღალატი მიუტევებელ ცოდვად იყო მიჩნეული. დაუქორწინებელი ქალ-ვაჟის სქესობრივ კავშირს სიძვა ერქვა, ხოლო ცოლის ან ქმრის უცხო კაცთან ან ქალთან სქესობრივ დაახლოებას მ. ეწოდებოდა.

კანონიკური სამართლით როგორც ქმრის, ისე ცოლის ღალატი მძიმე ცოდვად იყო მიჩნეული და სასჯელად 15 წლით, სიძვა კი – 7 წლით უზიარებლობას ითვალისწინებდა. -ის სუბიექტია როგორც ქალი, ისე მამაკაცი, თუმცა ორივე მათგანის დანაშაული არ იყო ერთნაირად დასაგმობი. შუა საუკუნეების საერო სამართალი და ხალხის ზნე-ჩვეულება მრუშ ქალს გაცილებით ულმობლად ეკიდებოდა, ვიდრე მრუშ მამაკაცს. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის (მუხლი 42.8) მიხედვით მოღალატე ცოლის მკვლელობის შემთხვევაში ქმარი სრულად თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან. ასეთივე დამოკიდებულება არსებობდა მოღალატე ქალის მიმართ ქართულ ჩვეულებით სამართალში მესხური ტრადიციით, მოღალატე ცოლის მკვლელი ქმარი არ ისჯებოდა; სამეგრელოში თუ ქმარი ცოლს საყვარელთან წაასწრებდა და მათ დახოცავდა, პასუხს არ აგებდა; აჭარაში მოღალატე ცოლის ან საყვარლის მკვლელობა შურისძიებას არ იწვევდა. ქალის ახლობლები (მამა, ძმები და სხვ.) მადლობასაც კი უთვლიდნენ ყოფილ სიძეს ოჯახისა და გვარის შემარცხვენლის მკვლელობისათვის. იშვიათად ქმარი მოღალატე ცოლს სახლში „ინახავდა“, თუმცა ასეთ კაცს ხალხი ზიზღით უყურებდა.

ცოლის ღალატი ძალზე მკაცრად ისჯებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც. ხევსურეთში, ფშავში, თუშეთსა და ქსნის ხეობაში გავრცელებული ყოფილა ქმრის მიერ მოღალატე ცოლის დასახიჩრება: ცხვირის ან თითის მოჭრა, ხელ-ფეხის დაშავება, სახის დასახიჩრება ან „კვეთილში ჩასმა“ (განქორწინება და ახლად გათხოვების აკრძალვა), ანუ მოღალატე ცოლის მოკვლა შედარებით ნაკლებად ხდებოდა. გურიაში მას სცემდნენ და სოფლიდან აძევებდნენ, სვანეთში კი – ქმარი სახლიდან აგდებდა.

მემრუშეთა მიმართ გამაწბილებელი სასჯელი გამოიყენებოდა. -ის შემთხვევაში შეიკრიბებოდა მთელი სოფელი, კაცსაც და ქალსაც შემურავდნენ, პირუკუღმა ვირზე შესვამდნენ და სოფელში ჩამოატარებდნენ.

მ. ქართული ჩვეულებითი სამართლის მიხედვით მძიმე დანაშაულად ითვლებოდა და სხვადასხვაგვარად ისჯებოდა.

ლიტ.: დავითაშვილი გ., დანაშაულთა სახეები ქართულ ჩვეულებით სამართალში, თბ., 2017; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984.

ი. უჯმაჯურიძე