მრჩობლედი

მრჩობლედი, 1. ქართული ლექსის სახეობა, რ-იც მოსაზღვრე რითმით შეწყობილი წყვილი ტაეპისაგან შედგება. -თვის არ არის განსაზღვრული არც სალექსო სტრიქონის საზომი და არც წყვილ ტაეპთა რაოდენობა. შემდეგ -ს უწოდებდნენ ნებისმიერ ორტაეპიან ლექსსაც. -ებს წერდნენ ს.-ს. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი („ჩემს ვარსკვლავს“), ი. ჭავჭავაძე („იანიჩარი“), ა. წერეთელი („აღმართ-აღმართ“) და სხვ.

2. ჰიმნოგრაფიული ტერმინი, ორტაეპედი სალექსო სტროფი. ქართ. ჰიმნოგრაფიული პოეზიისათვის დამახასიათებელია მრავალტაეპიანობა და ერთი სტროფის ფარგლებში სხვადასხვა ზომის ტაეპების შეწყობა. ეს არღვევს ერთფეროვან ჰარმონიასა თუ სიმეტრიას, სამაგიეროდ, დიდ დინამიკურობას ანიჭებს ლექსს. ამასთან ერთად, ქართ. ჰიმნოგრაფიული პოეზიისათვის მთლად უცხო არ არის ერთხმიანობა. რთული მრავალტაეპიანი სტროფული ფორმის გვერდით გვხვდება ორტაეპედი (მრჩობლედი) და სამტაეპიანი სალექსო სტროფები.

ლიტ.: ინგოროყვა პ., თხზულებათა კრებული, ტ. 3, თბ., 1965; მიქაძე გ., ნარკვევები ქართული პოეტიკის ისტორიიდან, თბ., 1974; ქართული მწერლობა, ლექსიკონი-ცნობარი, წგ. I, თბ., 1984; ხინთიბიძე ა., ქართული ლექსის ისტორია და თეორია, თბ., 2009.

გ. მიქაძე