მსახური, სოციალური ფენის წარმომადგენელი ფეოდალურ საქართველოში. მ. პირადად თავისუფალი არ იყო და გლეხობის ზედაფენაში შედიოდა (სხვა შეხედულებით – V–XIV სს-ში პირადად თავისუფალ მწარმოებელთა ზედაფენის ან ფეოდალთა კლასის წევრი). მ-ს „მსახურის მამული“ ეჭირა, მაგრამ გასხვისების უფლება არ ჰქონდა, რადგან მესაკუთრედ მისი ბატონი ითვლებოდა. ზოგიერთ მ-ს ჰქონდა ნაყიდი მიწაც, რ-ის განმკარგულებელი თავად იყო. გაქცეული გლეხის საძებრად დაწესებული 30-წლიანი ვადა მ-ზედაც ვრცელდებოდა. მ-თა ფენის ვალდებულება მეფის, საერო და საეკლ. ფეოდალების მიმართ იყო მოლაშქრეობა, მოხელეობა, სამასპინძლო და სხვ. სამასპინძლო წარმოადგენდა ნატურალურ გამოსაღებს 2 წელიწადში ერთხელ. მ-თა ფენიდან ხდებოდა აზნაურთა წოდების შევსება. ერთიანი მონარქიის ხანაში ეს ფენა ერთგვარად აღზევდა. სამეფო კარს უამრავი მოხელე და მოსამსახურე სჭირდებოდა, გამარჯვებით დამთავრებული ომები კი მოლაშქრე-მ-ს ქონების შეძენისა და ცალკეულ შემთხვევებში აზნაურული სამსახურის საშუალებას აძლევდა. ამავე პერიოდში მ. ცალკე წოდებად ჩამოყალიბდა, რ-საც გლეხსა და აზნაურს შორის შუალედური მდგომარეობა ეჭირა. გვიანდელ შუა საუკუნეებში, ქვეყნის ეკონ. სიდუხჭირის და პოლიტ. დაქუცმაცებულობის პერიოდში, მ-თა ფენაც დაქვეითდა. ეს ვითარება აისახა მისი სისხლის ფასის შემცირებითაც. ბექა-აღბუღას სამართლის მიხედვით, მ-ის სისხლის ფასი 1000 თეთრია, მებეგრე გლეხისა – 400; ვახტანგ VI-ის სამართლის მიხედვით კი მ-ის სისხლის ფასი 24 თუმანია, გლეხისა – 12. მ-თა ფენაში, გვიანდ. შუა საუკუნეების მონაცემებით, 2 ეკონომიკური ჯგუფი გამოიყოფოდა: „მართებული მსახური“, ანუ „კაი კვამლი“, რ-იც „მთელ საკომლოს“ ფლობდა, და „დაბალი მსახური“, რ-საც „ნახევარი საკომლო“ ჰქონდა. გარდა ამისა, წყაროებში ნახსენებია „დაბეგრილი“ და „დაუბეგრავი“ მ-ც. მ-თა მცირე ნაწილს საკუთარი გლეხები ჰყავდა. ზოგიერთ შემთხვევაში მ-ს თავისი ბატონი უზრუნველყოფდა ხლებისა და ლაშქრობის დროს. მებეგრე გლეხის მ-ის კატეგორიაში აღზევება მის უშუალო ბატონს შეეძლო. მ-თა სამხ. თუ საპოლიციო რაზმებისა და მოხელეების გარეშე არსებობა მსხვილ ფეოდალებს არ შეეძლოთ. ამის გამო ეს ფენა საკმაოდ მყარი იყო ფეოდალიზმის არსებობის განმავლობაში. გვიანდ. შუა საუკუნეებში მ-ის სინონიმად ხშირად იხმარებოდა თარხანი ან აზატი (იხ. აზატები; იგულისხმება მებეგრე გლეხის „თავი ბეგრისაგან“ გათავისუფლება და მ-ად დადგენა). ბატონს უფლება ჰქონდა დაესაჯა თავისი მ. ცემით, დაბმით, დარბევით და სხვ. საქართვ. რუსეთთან შეერთების შემდეგ მთავრობამ არ ცნო მ-თა პრივილეგიები და მებეგრე გლეხებთან ერთად დაბეგრა. 1864–71 ისინი ბატონყმური ვალდებულებისაგან გლეხობასთან ერთად გათავისუფლდნენ. მ-ებს მრავალი საერთო აქვთ ფეოდ. დას. ევროპაში ცნობილ მინისტერიალებთან.
ლიტ.: ანთელავა ი., XI–XV ს.ს. საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები, თბ., 1980; ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; რატიანი ზ., მსახურთა კლასობრივი ვინაობის გაგებისათვის, «მაცნე. ისტ. არქეოლ. ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია», 1974, № 3; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ტ. 2, 4, თბ., 1973; ტ. 3, თბ., 1979; ჩხატარაიშვილი ქ., ნარკვევები სამხედრო საქმის ისტორიიდან ფეოდალურ საქართველოში, თბ., 1979; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928; ჯანაშია ს., შრომები, [ტ.] 2, თბ., 1952.
გ. ჯამბურია