მსევანი, წითელფეხა მენაპირე (Tringa totanus), ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა (Scolopacidae). მისი სხეულის სიგრძე არის 30 სმ-მდე, მასა – 120–170 გ, ფრთის შლილი – 50–65 სმ. ნარინჯისფერი ნისკარტის წვერი შავია, მუქ ნაცრისფრად შეფერილი სხეულის ზედა ნაწილი ჭრელი ლაქებითაა დაფარული, ქვედა ნაწილი თეთრია, ფეხები – ნარინჯისფერ-წითელი. გავრცელებულია ევრაზიაში სამხრ. ტაიგიდან ნახევარუდაბნოებამდე, დას-ით ტყეტუნდრამდე აღწევს, აღმ-ში არეალი წყვეტილია. საქართველოში მობუდარი ფრინველია. ბინადრობს ნესტიან მდელოებზე, ბალახოვან ჭაობებში და ტბის ნაპირებზე, გვხვდება მთის ტუნდრაში, 4000 მ სიმაღლემდე. იზამთრებს ევრაზიის სამხრ. ნაწილში, აფრიკის სანაპიროების გასწვრივ. ხშირად ბუდობენ ჯგუფურად, იშვიათად – მეთოვლიასებრთა კოლონიებში. სქესობრივად მწიფდება 2 წლის ასაკში, ბუდობს აპრილიდან ივლისამდე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ჩაღრმავებულ ადგილას, რ-იც კარგადაა დამალული ხშირ მცენარეულობაში. დედალი დებს 3–5 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი; ინკუბაცია 4 კვირა გრძელდება; გამოჩეკიდან 3 კვირაში ბარტყები იწყებენ ფრენას. გადაფრენა ივლისიდან შემოდგომამდე გრძელდება. სანადირო ობიექტია, ეტანება სას.-სამ. მიწებს. იკვებება მწერებით, ჭიებით, ლოკოკინებით, კიბოსნაირებითა და მოლუსკებით.