მსტოვარი, მზვერავი ან ჯაშუში შუა საუკუნეების საქართველოში. მ-თა სპეციალური აპარატი შეიქმნა დავით IV აღმაშენებლის მიერ განხორციელებული სამხ. რეფორმების ფარგლებში დაახლ. XII ს. დასაწყისში. დავითის ისტორიკოსის სიტყვებით, იგი სპეციალურად ჩამოყალიბდა მოხელეების, ფეოდალთა და მაღალი იერარქიის სას. პირთა გასაკონტროლებლად და სათვალთვალოდ, ასევე სამხ. და სადაზვერვო საქმიანობისათვის. ამ აპარატის წყალობით დავითმა შეძლო უფრო სწრაფად და თამამად ემოქმედა შიდა და გარე მტრების წინააღმდეგ. მ-თა მიერ ინფორმაციის დროული მიწოდების შედეგად ხორციელდებოდა ზუსტი და დროული სადაზვერვო და ინფორმაციული მოქმედებები, რ-ებიც გენერალური საბრძოლო მოქმედებების შედეგიანობაზე აისახებოდა. ეს არის საქართვ. ისტორიაში პირველი ძლიერი საიდუმლო საპოლიციო აპარატი. ამ ტიპის ქსელს იყენებდნენ აქემენიანთა იმპერიაში, ბიზანტიასა და სასანიანთა ირანში. დავითის მემატიანე გადმოგვცემს: „არცა სამეფოსა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირედთა საქმე ქმნილი, კეთილი გინა სიტყვა ბოროტი თქმული – არა სია დაეფარვოდა“. მ-თა ქსელი სამოხელეო კუთხით ემორჩილებოდა მანდატურთუხუცესს, თუმცა მანდატურებისაგან განსხვავებით საზ-ბისათვის მ-ების ვინაობა დაფარული იყო. ისინი ბევრად რთულ და მნიშვნელოვან დავალებებზე იყვნენ კონცენტრირებულნი. მ-თა აპარატის მოშლა იწყება თამარის მეფობისას, როდესაც ამირასპასალარი და მანდატურთუხუცესი გახდა ზაქარია II მხარგრძელი. ეს ქსელი მეფის ცენტრ. ხელისუფლებას აძლიერებდა და დარბაზს უფრო ეფექტურად აკონტროლებდა, რაც აღზევებულ თავადებს ხელს არ აძლევდა. ამის გამო მ-ები თავდასხმის ობიექტები გახდნენ. გიორგი IV ლაშას დროს მ-თა ქსელი აღარ ფუნქციონირებდა.
ლიტ.: ალადაშვილი ბ., მსტოვრობის ისტორია საქართველოში, თბ., 2009. მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979; საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. 2, თბ., 2012.